მოდა ძალადობის წინააღმდეგ 05 თებ. 2015

 მოდას გააჩნია დიდი ძალა და წვდომა ფართო აუდიტორიასთან. დიზაინერებს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ისინი მარკეტინგს მხოლოდ საკუთარი პროდუქტის გაყიდვისთვის იყენებენ, როცა შეუძლიათ საზოგადოებას მიაწვდინონ ხმა ბევრ პრობლემურ საკითხზეც. ამ პოტენციალის გამოყენება სცადეს მოზამბიკში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში. დიზაინერებისა და სააგენტო DDB Mozambique-ს თანამშრომლობით მოეწყო პარტიზანული მოდის კვირეული, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნებოდა.  მოზამბიკში ძალიან ხშირია ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა, რაც ხშირად შეუმჩნეველი რჩება საზოგადოებისთვის. ეს პრობლემა საკმარისად არ შუქდება მედიაში და მხოლოდ სოციალური ქსელებიღა რჩება ინფორმაციის გავრცელების საშუალებად.  კვირეულის ფარგლებში მოდელებს გაუკეთეს სპეციალური მაკიაჟი, რომელიც ასახავდა, როგორ გამოიყურება ძალადობის მსხვერპლი.  ჩვენების მთავარი მესიჯი იყო "ძალადობა არ არის მოდა, დაგვეხმარეთ ახალი ტენდენციის შექმნაში". ამავე დროს მოდელებს ეცვათ დიზაინერების შექმნილი საგამოფენო ნამუშევრები. ჩვენების დროს მოხდა ერთდროულად  კოლექციების პრომოუშენი და  საზოგადოების ყურადღების გამახვილება  ძალადობის პრობლემაზე. 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები