მომხმარებლის პროფილი 03 დეკ. 2014

ბიზნესმა განვითარების პირველივე ეტაპზე და შემდეგ განუწყვეტლივ უნდა დასვას კითხვა: ვინ არის ჩვენი მომხმარებელი? რა უნდა მას? რა ინტერესები აქვს? ხომ არ შეიცვალა რაიმე მისი ცხოვრების წესში და დამოკიდებულებებში? სწორედ ამ და სხვა მრავალ კითხვაზე პასუხი ქმნის მომხმარებლის პროფილი, რომელზე ორიენტაციის გარეშე მარკეტინგული ღონისძიებები დაბალი ეფექტიანობისთვისაა განწირული.

და მაინც რა არის მომხმარებლის პროფილი?! მარკეტინგული სტრატეგიის ფორმულირებისას, პირველი, რასაც ვაკეთებთ ბაზრის კვლევა და მისი სეგმენტაციაა ერთგვაროვან მომხმარებელთა ჯგუფებად, რომელთაც მსგავსი დამოკიდებულებები და რეაქციები აქვთ ფირმის მარკეტინგულ ქმედებებზე. შესაბამისად, მათ მსგავსი ცხოვრების წესი, მოთხოვნილებები, ინტერესები, შემოსავლების დონე და სხვა მახასიათებლები აქვთ. ნებისმიერი კომპანია საკუთარი ქმედებების ფოკუსირებას ერთზე მეტ სეგმენტზე ახდენს. ეს შეიძლება იყოს მომხმარებელთა განსხვავებული სეგმენტები, ასევე მომწოდებლები, პარტნიორები, მედია დაწესებულებები, სამთავრობო უწყებები და სხვა მრავალი. ჩვენ მათზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გვესაჭიროება მომგებიანი ურთიერთობების დასამყარებლად.

განვიხილოთ მარკეტინგული შეთავაზების მომხმარებლის პროფილის მნიშვნელობა ჩვენი ბლოგის მაგალითზე. ჩვენი საიტის სტატიებმა შეიძლება დააინტერესოს რამდენი განსხვავებული მახასიათებლების მქონე სეგმენტი:

1)უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მარკეტინგით;

2)მარკეტინგის სფეროში დასაქმებული ადამიანები, რომელთაც უკვე ბევრი რამ იციან იმის შესახებ, რასაც ჩვენ ვწერთ, თუმცა იმ იმედით, რომ ყოველთვის შეიძლება ახალი რამე გაიგონ, ჩვენს საიტსაც კითხულობენ (ან წაიკითხავენ);

3) აკადემიური წრეების წარმომადგენლები;

4) შემთხვევით მოხვედრილი მკითხველი, რომელსაც საძიებო სისტემამ რატომღაც ჩვენი სტატია ამოუგდო.

სპონტანურად ჩამოვთვალეთ ჩვენი მომხმარებლები, მოდით ავირჩიოთ რომელიმე და განვსაზღვროთ მისი მახასიათებლები და შემდეგ მოვიფიქროთ, თუ რაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია.

ავიღოთ პირველი სეგმენტი, მარკეტინგით დაინტერესებული სტუდენტი. დავარქვათ მას პირობითად გელა. რას აკეთებს გელა? რა მოსწონს მას? რითაა დაინტერესებული? როგორია მისი დღის განრიგი? როგორ საუბრობს ის? რა უყვარს? რა მიზნები აქვს? მოდით ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ვცადოთ გელას ერთი ჩვეულებრივი დღის აღწერით.

"გელას, მას შემდეგ რაც ღამის ოთხ საათამდე Facebook-ით და ბლოგების კითხვაში გაერთო, ძილისთვის სულ რამდენიმე საათი დარჩა. დილით 8 საათზე ნახევრად მძინარე მიდის უნივერსიტეტში, გზაში დავალებებს იმეორებს, თუმცა რაღაც იდეებიც აწუხებს და გრძნობს, რომ მხოლოდ სასწავლო მასალები მისი პროფესიული განვითარებისთვის არაა საკმარისი. პარალელურად მუსიკას უსმენს, ალტერნატიული როკი მოსწონს. უნივერსიტეტში ბევრი მეგობარი ჰყავს. ლექციები მოსაწყენად მიდის და მხოლოდ თეორიით შემოიფარგლება, ის მხოლოდ დასვენებაზე ახერხებს მიმდინარე ბიზნეს მოვლენების განხილვას და თუ ლექტორშიც გაუმართლა, იგივეს ლექციაზეც შეეცდება. ლექციების შემდეგ გარკვეულ დროს მეგობრებთან ერთად ატარებს, ჩართულია ახალგაზრდული ორგანიზაციის მუშაობაში და ცდილობს საკუთარი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს. დღეს ტრეინინგს ესწრება, რომელიც მართალია მარკეტინგს არ ეხება, მაგრამ მაინც ინტერესდება, იქნებ რაიმე სიანტერესო სიახლე გაიგოს და ახალი მეგობრები შეიძინოს. სახლში 8 საათზე ბრუნდება. მაშინვე ნახულობს საკუთარ ელ.ფოსტას, სადაც გამოწერილი აქვს რამდენიმე ბლოგი (მათ შორის ჩვენიც) და რამოდენიმე დასაქმების ვებ-გვერდი, ელოდება ახალ ვაკანსიებს. შემდეგ შედის Facebook-ში და როგორც ბევრი ჩვენგანი, იქ ატარებს თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს. აქ მას მოწონებული აქვს რამდენიმე ქართული კომპანიის გვერდი, უნივერსიტეტის ჯგუფებშია გაწევრიანებული და აქვე ეცნობა მიმდინარე მოვლენებს მეგობრების გაზიარებებისა თუ სხვადასხვა საინტერესო ადამიანის გამოწერილი პოსტების მეშვეობით. პარალელურად ჩამოუყვება ფავორიტ ბლოგებს, იქნებ რამე სიახლე გაიგოს. რამდენიმე დააინტერესებს, გაიგებს რაღაც ახალს, რაც შეიძლება პრაქტიკაშიც კი გამოიყენოს. შეიძლება პოსტი დააკომენტაროს კიდეც და საკითხის აქტიურ განხილვაში ჩაერთოს. მოვიდა 4 საათი და გელა იძინებს!"

შეიძლება ეს ყოველივე სასაცილოდ მოგეჩვენათ, მაგრამ თუ თქვენი მომხმარებლის სხვადასხვა კატეგორიის თითო პროტოტიპს ასე აღწერთ მომდევნო მარკეტინგული ქმედებების დაგეგმვა გაცილებით გაგიადვილდებათ. სწორედ ასეთი პროფაილები ჰქონდათ 2004 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებისას კანდიდატების შტაბებს. იყო "NASCAR Dads" პროფილი, რომელიც აღწერდა ამერიკელ მამებს, რომელიც ნასქარის რბოლის გულშემატკივრები არიან, თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ატარებენ, უყვართ ლუდის სმა და სპორტის ყურება, ანუ კლასიკური ამერიკელი კაცი. "Security Moms" იყვნენ დედები, რომლებიც განსაკუთრებით ღელავენ უსაფრთხოების პრობელემებზე, ტერორიზმსა და კრიმინალზე. მათზე და სხვა მრავალ მსგავსზე ხდებოდა მარკეტინგული მიმართვების მორგება. და ჩვენ რაში უნდა გამოვიყენოთ გელას პროფილი? გელას ინტერესებზე მოვარგებთ ჩვენი პოსტების შინაარს, გვეცოდინება როდის აქვს გელას თავისუფალი დრო და სწორედ მაშინ დავდებთ პოსტებს. ალბათ ყველაზე თავისუფალი გელა პარასკევს საღამოს იქნება, დამღლელი კვირის მერე ბლოგების კითხვა მოენატრება. გვეცოდინება რომელ სოციალურ ქსელებს იყენებს და ჩვენი ბლოგის შესახებ იქაც გავაკეთებთ პროფილებს. თუ გვეცოდინება როგორ ლაპარაკობს გელა, რა სიტყვებს იყენებს, როგორ აზროვნებს, ჩვენ ამაზე დაყრდნობით შევქმნით სტატიებს, გამოვიყენებთ იმ სიტყვებს და ფრაზებს, რასაც ის იყენებს და სერჩავს. გაიზრდება ჩვენი ვიზიტორების რიცხვიც, გელასნაირები ბევრნი იქნებიან. ეს უკანასკნელი, ძალიან მნიშვნელოვანია ონლაინ მარკეტინგში, სადაც SEO (Search Engine Optimization)-ზე მორგება ვებ-გვერდის ვიზიტორების რიცხვს საგრძნობლად ზრდის.

ეს რაც შეეხება ჩვენს საიტს, რომლის შეთავაზება მომხმარებლისთვის საკმაოდ მარტივი და ერთგვაროვანია, მიზნებიც არც თუ ისე რთული და მრავალრიცხოვანი. და წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება იგივე პროფილები გამოიყენოს დიდმა კომპანიამ. ამისთვის მან უბრალოდ უნდა საფუძვლიანად შეისწავლოს საკუთარი მომხმარებელი და მისი პროფილების გათვალისწინებით უფრო ეფექტიანად დაგეგმოს მარკეტინგული სტრატეგია. რაც შეეხება შესწავლას, ეს გაცილებით მარტივია ვიდრე თქვენ გგონიათ. უბრალოდ იკითხეთ ის რასაც თქვენი მომხმარებლები კითხულობენ, ასე გაიგებთ რა აინტერესებთ და როგორ ლაპარაკობენ, რა ტერმინებს იყენებენ, რას სერჩავენ. ჩაატარეთ გამოკითხვები, კითხეთ მათ რა აინტერესებთ, რომელ გადაცემებს უყურებენ, რა ფილმებს, რას კითხულობენ. ასე გაცილებით გაგიადვილდებათ მათი გაგება და ინდივიდუალური ურთიერთობების დამყარება, განსაკუთრებით კი სოციალურ მედიაში.

 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები