არ წაიკითხოთ ეს პოსტი 05 დეკ. 2014

ნუ წაიკითხავთ ამ პოსტს! uncle sam

და მაინც, თქვენ უკვე კითხულობთ მას. ჩამთრევი სათაურია ხომ? მარკეტოლოგებისთვის ცნობილია, რომ ნეგატიური სათაურები უფრო მეტ "კლიკებსა" და გამოხმაურებას ჰპოვებს ხოლმე, ვიდრე პოზიტიური. შეგიმჩნევიათ ალბათ, ჟურნალ-გაზეთები დიდი ასოებით რომ წერენ პირველ გვერდზე "სკანდალურ" ჰედლაინებს, რომელიც გიბიძგებს იყიდო და წაიკითხო ეს სტატია. უმეტეს შემთხვევაში კი რეალობა ასეთია- წაკითხვის შემდეგ აღმოაჩენ, რომ სათაური უბრალოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილია და სტატიაშიც არაფერია საინტერესო. იგივე ხდება ინტერნეტ სივრცეში. ქართული ონლაინ მედია აქტიურად იყენებს ამ ხერხს. თუმცა ამ ყველაფრის შედეგი არის მომხარებლის ნეგატიური შთაბეჭდილება. ჩვენი პოსტის განხილვის თემა იქნება ნეგატიური ჰედლაინები, რომლებიც იზიდავენ მომხარებლებს და დაკლიკების შემდეგ მკითხველები სასიამოვნოდ გახარებულნი რჩებიან. შესაბამისად, ჩვენ არ ვისაუბრებთ "გადადი ლინკზე და გაიგე რითი მოკვდება შენი მეზობლის ბებია"-ს ტიპის კლიკ ჰანთინგზე :)

წესი #1. სათაურში უნდა ერიოს სიტყვები არა, ნუ, ყველაზე ცუდი, მხოლოდ და მსგავსი სიტყვები.

წესი #2 სტატიამ, მასალამ აუცილებლად უნდა გამოიწვიოს სასიამოვნო გაოცება მკითხველთათვის .

წესი #3 მკითხველები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მათში ინტერესს არ იწვევს თქვენი მოსაწყენი კორპორატიული დაპირებები : "ჩვენთან საუკეთესო ფასებია", "ყველაზე შედეგიანი ტრეინინგი", "ჩვენ გპირდებით" და ა.შ. ეცადეთ ორიგინალურად მიაწოდოთ სათქმელი თქვენს სამიზნე აუდიტორიას. გამოკვლეულია, რომ ნეგატიურ სათაურს პოზიტიურთან შედარებით 63%-ით უფრო მეტი გამოხმაურება აქვს. განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს. მაგალითად, თქვენი ორგანიზაცია ჰყიდის მენეჯერის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო ონლაინ წიგნებს. რა სათაურით მოიზიდავდით ხალხს? გახდი წარმატებული მენეჯერი თუ შენი წარმატებული კარიერის გასაღები? ზედმეტად დასამთქნარებელი სათაურია ხომ? მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი სათაური "მხოლოდ ნამდვილი მენეჯერებისთვის", რომელთა მეშვეობითაც მეტ გამოხმაურებას მოიპოვებთ. მაგალითი მეორე: წერ ბლოგს ფოტოგრაფიაზე და სათაურად იყენებ შემდეგ წინადადებას " 5 ხერხი ეფექტური ფოტოს გადასაღებად". გამოიყენეთ ეს სათაური: "არასდროს გადაიღო ფოტო ამ კუთხით" და დამიჯერეთ, ბევრად მეტი ნახვა ექნება თქვენს სტატიას. ეხლა კი მოგიყვებით ერთ-ერთ პირველ მაგალითზე, რომელმაც გამოიწვია ძალიან დიდი გამოხმაურება. 2007 წელს კომპანია ზენოსის ვიცე პრეზიდენტმა ბიზნესი განვითარებაში მარკ ჰინკლმა დაწერა პოსტი შემდეგი სათაურით "10 მიზეზი, რატომ არ უნდა გამოიყენოთ უბუნტუ". მკითხველი ამ სათაურის შემდეგ ფრიად გაოცებული და მხიარული დარჩა იმ მიზეზებით, რაც პოსტში იყო ჩამოთვლილი: მიზეზი 1.პროგრამების დაყენება ძალიან ადვილია; მიზეზი 2. ძალიან მცირე რაოდენობის ვირუსი, ძალიან ძლიერი დაცვა; მიზეზი 3.ძალიან ბევრი უფასო აპლიკაცია ასარჩევად და ა.შ. თითოეული მიზეზში უბუნტუს ღირსებები შედარებული იყო ვინდოუსთან. პოსტი იყო საოცრად წარმატებული მთელ ინტერნეტში და ბლოგზე დაფიქსირდა თვიურ რაოდენობასთან შედარებით 10-ჯერ მეტი ვიზიტორი. რა თქმა უნდა, პოსტი ასევე უბუნტუს წისქვილზეც ასხამდა წყალს.

დამატებით გთავაზობთ შარშანდელ წარმატებულ მაგალითს . P.S. იმედი მაქვს, ამ სათაურით "მოტყუებული" ნასიამოვნები დარჩით პოსტის წაკითხვის შემდეგ და აქტიურად გამოიყენებთ ნეგატიური სათაურების სტრატეგიას.      

მოწონება/გაზიარება

კომენტარები