Monkey me Monkey do 16 დეკ. 2014

social-proof-shutterstock_110934842-442x331

რატომ ადევს ფონად იუმორისტულ გადაცემებს ხელოვნური თუ ბუნებრივი სიცილი? რატომ ყრის ბარმენი კლუბის გახსნისას საკუთარი ყულაბაში თანხას? რატომ იქცა ოპერებში ტრადიციად ტაშის დამკვრელების დაქირავება? დაფიქრებულხართ, თუ რატომ ვფიქრობთ იმას რასაც ვფიქრობთ, როდესაც ქუჩაში მწოლიარე ადამიანს ვხედავთ. ხო მართლა, დიდი ალბათობით ამ უკანასკნელზე ჩემნაირი რეაქცია გაქვთ, არ მიდიხართ და არ ეკითხებით რა სჭირს, არ რეკავთ სასწრაფოში. უბრალოდ ფიქრობთ, თუ ეს სხვებმა არ გააკეთეს აქამდე, ეტყობა მთვრალია ან ბომჟი და არც მე უნდა მოვიმოქმედო რამე. რადგანაც თუ დარეკავთ სასწრაფოში ან მიხვალთ და მის დახმარებას თავად შეეცდებით, მაგრამ იმ ადამიანს დახმარება არ სჭირდება, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ამ მაგალითებს და სხვა უამრავს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთი ძალა განაპირობებს. ესაა Social Proof - ქართულად ალბათ სოციალური დასტური. ჩვენ ვიყენებთ სხვის მოქმედებებს იმის მაგალითად თუ რა არის ჩვენთვის შესაბამისი, სწორი საქციელი. განსაკუთრებით იმ სხვების, რომლებიც ჩვენ გვგვანან. სწორედ ამიტომაა სიცილის თრექები კომედი გადაცემებში. კვლევები უჩვენებენ, რომ ჩვენ სიცილით გაფორმებულ გადაცემას უფრო სასაცილოდ აღვიქვამთ, ვიდრე თრექების გარეშე. ბარმენიც იმიტომ ყრის ფულს თიფის ქილაში კლუბის გახსნისას, რომ ვიფიქროთ ჩვენი მსგავსი ადამიანები კლუბში ბარმენს თიფებს უტოვებენ, ანუ ეს მიღებული წესია და ჩვენც ვთვლით, რომ ასე მოქცევა სწორია.

სოციალური გავლენა გაცილებით ძლიერია ვიდრე ეს მაგალითები. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ კვლევები ადასტურებენ, რომ აშშ-ში მაშინ როცა ნიუსების მთავარი თემა თვითმკვლელობის შემთხვევაა, მომდევნო კვირებში შემაშფოთებლად იმატებს ავტო ავარიები და ავია კატასტროფები. ერთი შეხედვით დაუჯერებელია არა? ამ ფენომენს ახსნა მოუძებნა კალიფორნიის სან დიეგოს სოცილოგიის პროფესორმა დევიდ ფილიფსმა. მან საკუთარ თეორიას დაარქვა ვერზერის ეფექტი იოჰან ვან გოეთეს ნაწარმოების The Sorrow of Young Werther-ის მთავარი გმირის ამბიდან და მისი მკითხველზე გავლენიდან გამომდინარე. ნოველის გამოსვლიდან ცოტა ხანში ძალიან იმატა ევროპაში თვითმკვლელობების რაოდენობამ, რასაც ბევრ ქვეყანაში ნოველის აკრძალვაც კი მოჰყვა. ნაწარმოებში მთავარი გმირი ვერზერი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. ეს იყო პირველი დაკვირვებადი ფენომენი, რაც ფილიფსმა შემდეგ საფუძვლიანად შეისწავლა. ფილიფსი ფენომენს შემდეგნაირად ხსნის: ადამიანები როდესაც ხედავენ თვითმკვლელობის ჰედლაინებს, მოქმედებს სოციალური დასტურის ეფექტი, ისინი იღებენ მას, როგორც მაგალითს. მათმა მსგავსმა ადამიანმა მოიკლა თავი, ეს შეიძლება იყოს გამოსავალი მათთვისაც და რადგან სხვაც ასეთ გამოსავალს პოულობს. ეს შესაძლოა იყოს სწორი ქმედება. აქ უკვე ჩნდება კითხვა, როგორ მოიკლან თავი. თუ ამას ღიად გააკეთებენ ოჯახი დაზღვევას ვერ მიიღებს, ამიტომ არჩევენ იმიტირებულ ავტოკატასტროფას, ავიაკატასტროფის შემთხვევაში პილოტი ჩამოაგდებს თვითმფრინავს. ამ თეორიას ამყარებს კიდევ ერთი სტატისტიკა. თუ ადამიანები ავტო და ავიაკატასტროფებს განზრახ აწყობენ, მაშინ ამ კატასტროფებში მსხვერპლი უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე შემთხვევით ინციდენტებში. ეს ასეცაა, საშუალოდ ერთ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა რიცხვი თვითმკვლელობის ამბის მთავარ ნიუსად გასვლის შემდეგ სამჯერ აღემატება ჩვეულებრივი ავიაკატასტროფების საშუალო მსხვერპლის რაოდენობას. ეს ციფრი იზრდება ოთხამდე ავტოკატასტროფების შემთხვევაში.

ფილიპსმა Social Proof-ის გავლენის არსებობა კიდევ ერთი ფაქტით აჩვენა. როგორც აღვნიშნე, ჩვენ ვბაძავთ ჩვენს მსგავს ადამიანებს, შესაბამისად ეს ეფექტი უნდა ჩანდეს თვითმკვლელობების შემთხვევაშიც. ეს ასეცაა, ფილიპსმა აღმოაჩინა პირდაპირი ასაკობრივი კავშირი თვითმკვლელობისა და შემდგომში მომხდარ კატასტროფების ინიციატორებს შორის. აქ შეიძლება ჩვენი ცხოვრებისეული მაგალითიც მოვიყვანოთ. შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ მე პირველად თავში ცოლების მკვლელობების ამბავი მომივიდა. საგანგაშოდ მიეწყო ერთმანეთს ქმრების მიერ ცოლების სასტიკი მკვლელობები. თითქმის ყველა შემთხვევაში საქმე გვქონდა მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ, მრავალშვილიან, დაახლოებით ერთ ასაკობრივ სეგმენტის ოჯახებთან. ყველა შემთხვევაში მოხდა ამბის გაშუქება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. შეიძლება ვიფიქროთ, რომ სწორედ ამან გამოიწვია მკვლელობების ჯაჭვი. ხედავდა რა მკვლელი თავის მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ქმედებას, ფიქრდებოდა აღნიშნული ქმედების შესაძლებლობზე. თუ იმ სხვებმა გააკეთეს, მანაც რომ გააკეთოს არ იქნებოდა არანორმალური, პირიქით, შესაძლოა ეს ყოფილიყო იმ მდგომარეობიდან უკვე ''აპრობირებული'' გამოსავალი. ასე წარმოიქმნა მკვლელობათა საზარელი ჯაჭვი. საინტერესო ქეისი მოხდა აშშ-ს ერთ-ერთი რელიგიური სექტის შემთხვევაში, როდესაც სექტის 910 წევრმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ლიდერის მოწოდების შემდეგ, რამდენიმე ფანატიკოსმა საწამლავი დალია, მათ მიჰყვნენ დანარჩენი წევრებიც. ისინი უყურებდნენ ერთმანეთს, ფანატიკოსებმა მაგალითი მისცეს, ხოლო ყოველი მომდვნო ამ მაგალითს ამყარებდა. ჯაჭვიდან ამოვარდნა ახლა უფრო არანორმალური იყო შექმნილი რეალობიდან გამომდინარე ვიდრე თვითმკვლელობა. როგორც ვხედავთ სოციალური აღიარება ბევრ შემთხვევაში გაუთვიცნობიერებლად წარმართავს ჩვენს ქმედებებს. მის გავლენა ფარულია, მაგრამ ძალიან ძლიერი. იმ ადამიანის ხელში, ვინც იცის ამ ძალით მანიპულირება შეუძლია, ის წარმატებული იარაღია. მაგალითად, ამ კონცეფციის საფუძველზე იქმნება სატელევიზიო რეკლამები, სადაც ჩვეულებრივი, ჩვენი მსგავსი ადამიანები საუბრობენ პროდუქტის დადებით თვისებებზე.

სწორედ Social Proof უდევს საფუძვლად ონლაინ მაღაზიებში მომხმარებლის კომენტარების (Review) გრაფებს. თუ ოდესმე გამოგიწერიათ ამაზონიდან პროდუქტი, აუცილებლად მოგივიდოდათ მეილი, სადაც გთხოვენ შეაფასოთ შენაძენი. რადგანაც ონლაინ შოპინგის დროს პროდუქტის შეფასება მყიდველის მიერ რთულდება ფიზიკური კონტაქტის არქონისა და ბევრ შემთხვევაში, არასაკმარისი ტექნიკური ცოდნის გამო. სხვა ადამიანების კომენტარები და მათი შეფასებები ჩვენს გადაწყვეტილებებზე მოქმედი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. კიდევ ერთი მაგალითია პორტფოლიოები. IT კომპანიები გვიჩვენებენ თავიანთი კლიენტების ჩამონათვალს, ხოლო ადვოკატების და დიზაინერების წარმატებას დიდწილად განსაზღვრავენ მათი კლიენტები. ამიტომაც, დასაწყისისთვის კლიენტების პორტფოლიოს შექმნა, თუნდაც ფინანსურად ნაკლებ მომგებიანი შეთავაზებების ხარჯზე მომავალში წარმატების განმაპირობებელი ფაქტორია. Social Proof ეფექტი აქვს ლაიქებსაც. სხვა მაგალითებზე და გამოყენების გზებზე შეგიძლიათ იდეები კომენტარებით გაგვიზიაროთ.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები