ჯეოსელის კამპანიას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა 10 მარ. 2015

ჯეოსელმა Deehubs-თან ერთად 3-დან 8 მარტამდე განახორციელა პროექტი say.geocell.ge, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო თავისი მესიჯი გამოექვეყნებინა და ჯეოსელი მას უშვებს ჭავჭავაძის 34-ში მდებარე ბილბორდზე. პროექტის განმავლობაში შემოვიდა რამდენიმე ათასი გზავნილი და ჯეოსელი მას ეტაპობრივად აქვეყნებს. გუშინ და დღეს სოციალურ ქსელში მასობრივი უარყოფითი გამოხმაურება მოიპოვა ერთ-ერთმა გზავნილმა, რომელიც ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ირაკლი ყიფიანმა გააგზავნა.

11060958_655682231225057_3591896258620871420_n ფოტოზე დატანილია წარწერა " სახალხო აქცია: გეორგიევსკის ლენტა. მახსოვს, ვამაყობ!". ჯეოსელის მომხარებლები გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ  კომპანიამ გაუშვა ეს გზავნილი ბილბორდზე. ბევრი მომხარებელი ჯეოსელს პრორუსულ მიკერძოებაშიც კი ადანაშაულებს. "სოხუმი, ჩვენ დავბრუნდებით- გავაგზავნე და არ გაუშვეს და ამას უშვებენ"- აცხადებს ერთ-ერთი მათგანი. ფოტოს უკვე რამდენიმე ასეული გაზიარება აქვს სოციალურ ქსელ ფეისბუქში და ხშირია მოწოდებაც, რომ "ანლაიქი" გაუკეთონ კომპანიის გვერდს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი მხოლოდ სიძულვილის ენის შემცველ გზავნილებს არ უშვებენ, დანარჩენი კი ყველას შეეძლო თავისუფალი აზრის გამოხატვა. თუმცა  გზავნილის ავტორზე მეტად, ჯოხი ჯეოსელზე გადატყდა და ეს უარყოფითი ტალღა ახლაც გრძელდება სოციალურ ქსელებში. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა სიფრთხილე მართებთ კომპანიებს მსგავსი აქციების განხორციელებაში, რადგან ხშირად პოზიტიურად ჩაფიქრებული კამპანია შეიძლება ნეგატიური შედეგებით დასრულდეს. ამის ბევრი მაგალითი არსებობს, მათ შორის კოკა-კოლას #MakeItHappy კამპანია, რომელიც შეწყვიტეს არასასურველი შედეგების გამო.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები