იმიჯი და აზრის ლიდერობა სოციალური მედიაში 11 მარ. 2015

იმიჯი დღეს, როგორც არასდროს, ახდენს გავლენას ჩვენს კარიერულ წინსვლასა და წარმატებაზე. რა არის იმიჯი? ესაა ზოგადი წარმოდგენა, რასაც ადამიანი, კომპანია ან პროდუქტი იმსახურებს ადამიანებისგან. და რატომ დღეს? გავიხსენოთ, რა ხდებოდა ადრე, სანამ ინტერნეტი იქნებოდა, ან თუნდაც სოციალური ქსელების შექმნამდე. გვინდოდა სამსახურის დაწყება? ვპოულობდით ვაკანსიას, ვაგზავნიდით CV-ის და შემდეგ გვიბარებდნენ გასაუბრებაზე. ახლაც ასე ხდება, თუმცა გასაუბრებაზე დაბარებამდე, ან მის შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში, დამსაქმებელი შეამოწმებს ჩვენს სოციალურ ქსელს. რაც ვილაპარაკეთ ინტერვიუზე, არაა აუცილებელი მართალი იყოს, ხალხი იტყუება, თუმცა სოციალური ქსელები არ იტყუებიან. არ გაქვს სოციალური ქსელი? ესეც პრობლემაა, განსაკუთრებით ბიზნესის სფეროში, მითუმეტეს მარკეტინგში. ყოველდღიურ საქმიან კონტაქტებში სოციალური ქსელებს აქტიურად ვიყენებთ. გვაქვს შეხვედრა პოტენციურ პარტნიორთან, გვაინტერესებს გავიგოთ მასზე მეტი, რას ვშვებით? - სოციალური ქსელი რა თქმა უნდა. ხშირია, როდესაც საქმიანი კონტაქტების წყარო სწორედ აქედან მოდის. მაგალითად, head hunting-ის კომპანიები ეძებენ აზრის ლიდერებს სოციალურ ქსელებში. ვიღაც საინტერესო პოსტებს დებს? საკმარისი განათლებაც აქვს? კრეატიულია? - მოდი შევთავაზოთ copywriter-ის, სოციალური მედიის ადმინისტრატორის, მარკეტერის პოზიცია. დღეს ეს ძალიან გავრცელებული მიდგომაა, განსაკუთრებით კი საქართველოში, სადაც ყველა ყველას იცნობს და შენი ტალანტი სოციალურ ქსელში არსად არ დაიკარგება. ასე რომ სოციალური მედია ეს არაა უბრალოდ გართობა და დროის მოკვლა, ეს ჩვენი კარიერის ნაწილია და სერიოზული მიდგომა სჭირდება. აი რამდენიმე ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რასაც ადამიანები უშვებენ:

  1. მიგდებული პროფილი - ზოგ ადამიანს მართლაც არ აინტერესებს სოციალური მედია, უბრალოდ არც საქმეში სჭირდება და არც უნდა, რას ვერჩით. არ გაინტერესებს, მაგრამ მაინც გაქვს, ხანდახან რომ შეხვიდე? თუმცა ამ დროს შენი ფეისბუქის პროფილი ათასი ვირუსი ლინკით ივსება. წარმოიდგინეთ რა შთაბეჭდილებას დატოვებთ თქვენს თაიმლაინზე მოხვედრილ ადამიანზე. აი ისეთს, ქუჩაში რომ გადიხართ ტანსაცმელზე აღბეჭდილი მთელი მენიუთი. არ გახვალთ? ჰოდა თაიმლაინსაც მიხედეთ. თუ დრო არ გაქვთ, უბრალოდ შეუზღუდეთ მეგობრებს დათაგვის და დაპოსტვის საშუალება.
  2. მოძველებული ინფორმაცია - არ ხარ სოციალურ ქსელში აქტიური, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს მოძველებულ ინფორმაციას. მაგალითად, თუ არ განაახლებ Linkedin-ზე შენს ახალ მიღწევებს, არ მიუთითებ განათლებას და გამოცდილებას ფეისბუქზე, ამით ბევრს დაკარგავ. ჯობია, მაშინ საერთოდ არ გქონდეს ის Linkedin, ვიდრე იმაზე ნაკლებად წარმოაჩინო თავი, ვიდრე ხარ.
  3. იმიჯი - ბევრი ამბობს, რომ გულწრფელია და რასაც ფიქრობს, იმას პოსტავს, თუმცა, რეალობაში იმას ხომ არ ვლაპარაკობთ, რასაც ვფიქრობთ? ლათინური შრიფტით წერა (მითუმეტეს რუსულით ), არასასიამოვნო ან გაუმართავი ლექსიკა, პოსტების შინაარსი - რასაც ვაზიარებთ, ის ვართ. მოკლედ, შეგიძლიათ იყოთ ის რაც ხართ, თუმცა მე თუ ვარ დამსაქმებელი და მაქვს ასარჩევი ასი კანდიდატიდან ერთი და ფეისბუქ პროფილებს ვამოწმებ, არ გეწყინოთ თუ თქვენი პოსტების ლათინური (რუსული) შრიფტის გამო უბრალოდ სხვა აპლიკანტზე გადავალ. არანაირი ქსენოფობია, უბრალოდ სტერეოტიპები და სტერეოტიპები ეფექტური shortcut-ია, რომლის გამოყენებაში არაფერია დასაძრახი. ასე რომ წერეთ ქართულად!

ახლა კი რამდენიმე რჩევა იმ სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ რესურსებზე, რომლის სწორი გამოყენება თქვენს იმიჯს წაადგება.

  1. Facebook - რა თქმა უნდა. საინტერესო თაიმლაინს იმდენი რამის შეცვლა შეუძლია თქვენს ცხოვრებაში, რომ ვერც კი წარმოიდგენთ.
  2. LinkedIn - პროფესიონალების სოციალურ ქსელი. საქართველოში ის ბევრს აქვს, ვინც თავის პროფესიულ იმიჯს ყურადღებას აქცევს, თუმცა კი ნაკლებად აქტიურად იყენებენ. იმიჯისთვის და როგორც ონლაინ CV თქვენც რომ გამოიყენოთ, კარგი იქნება. კვირაში ერთხელ შემოწმება და ინფორმაციის დროული განახლება დიდ დროს არ მოითხოვს.
  3. Google+ - საქართველოში არც თუ ისე პოპულარული, თუმცა ძალიან აუცილებელი. წარმოიდგინეთ, მოგდით საქმიანი მეილი Gmail-ის მომხმარებლისგან და ხედავთ პატარა პროფილის სურათს, აკლიკავთ და გადადიხართ მის Google+ პროფილზე. ესაა პირველი შეხების წერტილი სოციალურ მედიაში. რადგანაც ხშირად ოფიციალური კომუნიკაცია ელ.ფოსტით იწყება ეს სოციალური ქსელი ჩვენს თავზე ინფორმაციის მიწოდების პირველი წყარო შეიძლება აღმოჩნდეს ბევრ შემთხვევაში.
  4. About.me - საქართველოში კიდევ უფრო ნაკლებად ცნობილი ქსელი, თუმცა ძალიან პრაქტიკული. ესაა თქვენი სავიზიტო ბარათი ინტერნეტში, სადაც ლინკავთ თქვენს ყველა სოციალურ ქსელს, ვებ-საიტებს, ელ.ფოსტას, ტელეფონს, მისამართს, სამუშაო გამოცდილებას. თქვენი about.me-ს პროფილის ლინკს თუ დაურთავთ თქვენს მეილებს ხელმოწერის ადგილას, ადრესატს მიაწვდით ეფექტურად ყველა საჭირო ინფორმაციას თქვენს შესახებ.
  5. Twitter - საქართველოში მას ძირითადად მხოლოდ იმიჯისთვის იყენებენ, სამწუხაროდ. ქართულ ბრენდებს აქვთ ექაუნთები, თუმცა თითქმის ნულოვანი გამოხმაურებით. გამოიყენეთ თქვენც იმიჯისთვის! უბრალოდ მიაბით Facebook-ს და ავტომატურად გადატვიტავს თქვენს პოსტებს. ამასთან, Twitter Facebook-ისგან განსხვავებით სუფთა ინფორმაციის წყაროა. აქ არ არის ვირუსები, ათასგვარი სისულელე, ყველგან დაფრომოუთებული პოსტები. აქ იღებთ იმ პიროვნებისგან ინფორმაციას, რომელიც გაინტერესებთ. მიჰყევით აზრის ცნობილ ლიდერებს, გაიგეთ მსოფლიოს მაჯისცემა - ესაა ზუსტად Twitter.

რა გააზიაროთ? რაც გინდათ, თუმცა იფიქრეთ იმაზეც "რასაც აზიარებ, ის ხარ". თუ უფრო პროფესიონალურად მიუდგებით თქვენს პირად ბრენდინგს სოციალურ მედიაში, ერთ საინტერესო საშუალებას გირჩევთ. გსმენიათ Klout-ის შესახებ? ესაა პლათფორმა, რომელზეც აბამთ თქვენს სოციალური ქსელის პროფილებს. Klout ყოველდღე გითვლით ქულას იმის მიხედვით, თუ თქვენმა სოციალურ მედიაში აქტიურობამ რა გამოხმაურება მოიპოვა - რამდენი ლაიქი, კომენტარი, გაზიარება, რეტვიტი,+1 დააგროვეთ. Klout ასევე გაწვდით სიახლეებს თქვენთვის საინტერესო სფეროებიდან, რომლის გადაშეარებაც პირდაპირ შეგიძლიათ. ამ პლათფორმის დადებითი მხარე ისაა, რომ ერთი სივრციდან შეგიძლიათ ყველა სოციალური ქსელის მართვა, ხოლო ქულა ეს ერთგვარი მოტივატორია, ყოველდღე მოხსნა საკუთარი რეკორდი და გახდე აზრის ლიდერი სოციალურ მედიაში. Feedly - კონტენტის უწყვეტი წყარო. ესაა პლათფორმა სადაც ირჩევთ თქვენთვის საინტერესო საერთაშორისო ონლაინ გამოცემებს და ყოველდღე ერთ სივრცეში მოგდით ყველა მათგანის სიახლეები ჟურნალის ფორმატში. ერთი თვალის გადავლებით გაფილტრავთ, წაიკითხავთ თქვენთვის საინტერესოს და გაუზიარებთ მეგობრებს. ასე ხდებიან აზრის ლიდერები. რაც შეეხება ქართულ გამოცემებს, შეგიძლიათ მათგან ინფორმაციები RSS არხის საშუალებით გამოიწეროთ. საინტერესო პლათფორმაა Buffer. ეს Klout-ის ერთგვარი ანალოგია, თუმცა უფრო ბიზნესისთვისაა გამიზნული. აქ შეგიძლიათ მიაბათ ყველა RSS არხი და გადააშეაროთ თქვენს ყველა სოციალურ ქსელში.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები