რას აზიარებენ ადამიანები? 19 მარ. 2015

რატომ აქვს ზოგ პოსტს ძალიან კარგი შედეგები, როდესაც დანარჩენები ყურადღების გარეშე რჩებიან? რას აზიარებენ  ადამიანები? ეს იმაზე რთული კითხვაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თქვენ იტყვით, რომ წარმატებული პოსტები საინტერესოა, სახალისოა, უცხოა და ამ ჩამონათვლის გაგრძელება კიდევ ბევრი კრიტერიუმით შეიძლება. თუმცა, თუ ეს ვიცით, მაშინ ხომ ყველას შეეძლება მხოლოდ საუკეთესო კონტენტის შექმნა და საოცარი შედეგების მიღწევაც. როგორც ვხედავთ, რეალობაში ეს ასე სულაც არაა. მეტიც, ხშირად მარკეტერების დაგეგმილი კამპანიები იმაზე ნაკლებ გამოხმაურებას იმსახურებს სოციალურ მედიაში, ვიდრე უბრალო ადამიანის მიერ ატვირთული კატების ვიდეო. მიუხედავდ ამისა, თუ გავითვალისწინებთ რამდენიმე ფაქტორს, რაც უბიძგებს ადამიანებს გააზიარონ  და ილაპარაკონ ჩვენს კონტენტზე, წარმატების შანსები გაცილებით იზრდება.

1) სოციალურად ფასეული - ჩვენ ყველას გვინდა საზოგადოებაში თავის დამკვიდრება, გვინდა ვიყოთ წარმატებულები კარიერაში, ვიყოთ კარგი მეგობარი, საინტერესო ადამიანი. ჩვენ გვანიჭებს ბედნიერებას, როცა სხვებს ვუზიარებთ რაღაცას, რაც პირველმა ჩვენ გავიგეთ, თითქოს ამით ვამტკიცებთ, რომ ყოველთვის საქმის კურსში ვართ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვაზიარებთ იმას, რაც ჩვენს სოციალურ მეს ჩვენთვის სასურველ იმიჯს გაუმყარებს. მაგალითად, თუ ვართ დაინტერესებული მარკეტინგით და ვთვლით, რომ კრეატიული ადამიანი ვართ, ვაზიარებთ კრეატიულ რეკლამებს და სტატიებს, რათა ეს სხვებმაც გაიგონ. ამ ეფექტის კარგი მაგალითია, თუ რამხელა გამოხმაურებას პოულობს ათეისტური (ან რელიგიისადმი ირონიით განწყობილი ) და რელიგიური შინაარსის კონტენტი. ჩვენი საზოგადოების რადიკალიზმისადმი მიდრეკილებიდან გამომდინარე, დაპოსტე ხატი და ასობით ადამიანი გააზიარებს! დაპოსტე რელიგიური სარკაზმი და იგივე შედეგს მიიღებთ! იმის განსჯას არ ვაპირებთ, რა სჭირს ჩვენს საზოგადოებას. უბრალოდ, გავიხსენოთ სოციალური მე. ზოგს ათეისტობა ჰგონია სხვებზე უკეთესობის და ინტელექტუალობის საზომი, ზოგს პირიქით. ამგვარი კონტენტის გაზიარებით კი  ჩვენს სოციალურ იმიჯს ვამყარებთ. გადახედეთ ქართულ სოციალურ ქსელს და დარწმუნდებით, რომ ეს ასეა.  ასეა, ჩვენ ყველა ჩვენს იმიჯზე ვმუშაობთ ვაღიარებთ ამას თუ არა. მიეცით აუდიტორიას ის რაც მათ სოციალურ მეს სასურველ იმიჯს შეუქმნის და აუდიტორია არ მოგაკლდებათ. 

2) ემოციები -  რაღაცამ გაგვაოცა, რაღაცამ გაგვახარა, რაღაცამ ძალიან გაგვაბრაზა და იმ წამსვე ვაზიარებთ. ამ დროს წარმოქმნილ ფსიქოლოგიურ ძალებს აღგზნებას უწოდებენ. დაფიქრდით, ბოლოს როდესაც ნახეთ რაღაც რისი გაზიარებაც ძალიან მოგინდათ, რა იგრძენით? ვერ ითმენდით, გინდოდათ ვინმესთვის გეთქვათ? სწორედ ესაა ფსიქოლოგიური აღგზნებით გამოწვეული. სანამ დაპოსტავთ დაფიქრდით, რა ემოციებს იწვევს თქვენი კონტენტი თქვენში, ან ჰკითხეთ მეგობრებს. ამასთან, თემა შეიძლება დღეს იყოს ძალიან აქტუალური და ემოციური, ხვალ კი მივიწყებული. 

3) ხალხი - რასაც ხალხი აზიარებს! ეს დამკვიდრებული წესია კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. რასაც ბევრი სხვა აკეთებს მეც ის უნდა გავაკეთო, რადგან ეს მიღებულია და სწორი. დააკვირდით თქვენს ქმედებას, როდესაც დაინახავთ რომელიმე პოსტზე ბევრ გაზიარებას. ახდენს თუ არა გაზიარებების რაოდენობა გავლენას თქვენს სურვილზე წაიკითხოთ ეს პოსტი და შემდეგ გააზიაროთ? ბევრის შემთხვევაში ეს გადამწყვეტი ფაქტორია. როგორ გამოვიყენოთ ეს ძალები რეალობაში? შექმენით კონტენტი, რომელიც ადამიანებს გააოცებს, ან მათ სოციალურ მეს მისი გაზიარება რამეს შემატებს. თუმცა აქ უნდა გაითვალისწინოთ თქვენი აუდიტორიის ინტერესები. ხშირად ეს ორი ძალა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. მაგალითად, რაღაცამ გაგვაოცა, გვინდა თქმა, თუმცა არ ვამბობთ, რადგან ჩვენს სოციალურ მეს არ შეეფერება. ხალხის ეფექტის შემთხვევაში კი, ეცადეთ მინიმალური ლაიქების თუ შეარების რაოდენობა დაახვედროთ ვიზიტორებს, როგორც ბარმენი ახვედრებს კლიენტებს თიფების ქილაში თანხა. 

 

tip-jar  

მოწონება/გაზიარება

კომენტარები