Google-ის ალგორითმის მორიგი განახლება 21 აპრილიდან ამოქმედდება 21 მარ. 2015

კარგი SEO (Search Engine Optimisation) ჩვენი საიტებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ვიზიტორების მოზიდვის მხრივ. კარგად გათვლილი საიტი უწყვეტად იღებს ორგანული ძიების შედეგებიდან ვიზიტორებს. ესაა აუდიტორიის უფასო წყარო. ამიტომაც, კარგად დაგეგმილი SEO არის სტაბილური ტრაფიკის წყარო საიტზე.თუმცა კი, ერთხელ დაგეგმილ SEO-ს განახლებებიც სჭირდება, რათა საძიებო სისტემების ალგორითმების განახლებებს აუწყოს ფეხი. გუგლის ალგორითმი კი ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განახლება კარს მოგვდგომია. გუგლის ძიების ალგორითმის მორიგი განახლება 21 აპრილიდან გახდება აქტიური და ჯობია ამ დროს მომზადებულები დავხვდეთ.  გუგლის ალგორითმი პერიოდულად ახლდება, რათა მიმდინარე გამოწვევებს უპასუხოს და ძიების შედეგების ოპტიმიზაცია მოახდინოს. ბოლო განახლებები იყო 2011 წლის Panda და 2012 წლის Penguin. ორივე მათგანი აქცენტს აკეთებდა კონტენტის ხარისხზე. Panda განახლება ხარისხიანი კონტენტის მქონე საიტებს უფრო მაღალ რანკს აძლევდა, ხოლო Penguin საიტებს, რომლებიც უხარისხო კონტენტს ლინკავდნენ, რანკს უგდებდა. განახლებებმა გამოიწვია ის, რომ შეიქმნა კონტენტის შემქნელი ფირმები, რომლებიც სპეციალიზდებიან მაღალი ხარისხის ტექსტების შექმნაში და ეს მომსახურება განვითარებულ ქვეყნებში დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. შედეგად მივიღეთ ხარისხიანი კონტენტი და გაუმჯობესებული ძიების შედეგები.  დღეს კი ახალი გამოწვევები დგას. სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს მობილურ მოწყობილობებს ინტერნეტში შესასვლელად. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით Google-ის ძიების ინდექსი ცალკე მობილური მოწყობილობებისთის არ არსებობს. ასე რომ, ჩვენს სმარტფონებზე იგივე შედეგებს ვიღებთ ძიებისას, რასაც დესკტოპ კომპიუტერზე. აქ კი ჩნდება პრობლემა. საიტების ნაწილი არ არის მობილური მოწყობილობებისთვის ოპტიმიზებული და ზოგ შემთხვევაში შეუძებელიც კი ხდება მათი კონტენტის ნახვა მცირე ზომის ეკრანებიდან. Google-მა გადაწყვიტა, რომ ახალ ეტაპზე გადასვლის დროა და 21 აპრილიდან ყველა საიტი, რომელიც მობილურ მოწყობილობებზე არაა ოპტიმიზებული ძიების შედეგებში დაისჯება და დაბალ რანკს მიიღებს. ასე რომ, ჯობია დროზე მოვახდინოთ ჩვენი საიტების განახლება, თორემ შედეგები არც თუ ისე სასიამოვნო იქნება. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ცვლილება ძირითადად მცირე ზომის კომპანიებს შეეხება, რადგანაც დიდი კომპანიების საიტების უმეტესობას ეს პრობლემა უკვე მოგვარებული აქვს.

ესეც რამდენიმე ნიშანი იმისა, არის თუ არა საიტი მობილური მოწყობილობებისთვის ოპტიმიზებული:

  • არ უნდა იყოს საიტზე ფლეშ კონტენტი. მობილური მოწყობილობების უმეტესობა მას ვერ აღიქვამს; 
  • მცირე ეკრანიდან ნახვის შემთხვევაში, არ უნდა გვჭირდებოდეს ჰორიზონტალურად "სქროლვა";
  • არ უნდა დაგვჭირდეს ტექსტის სანახავად დაზუმება;
  • ლინკები უნდა იყოს საკმარისად დაშორებული ერთმანეთისგან, რათა სენსორულ ეკრანზე თითის შეხებისას ადვილი გახდეს ნავიგაცია. 
 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები