მოგზაურობა ევროპაში Itravel-თან ერთად 01 მაი. 2015

რას იტყოდით მოგზაურობაზე ევროპაში? ძვირია? სად გაქვთ მაგდენი ფული? აი მუშაობას რომ დაიწყებთ, კარგი სამსახური რომ გექნებათ, მერე მანქანას რომ იყიდით, სახლსაც, და აი სულ მერე ფული თუ მოგრჩათ, მერე კიდე ვნახოთ? და რას იტყოდით ალტერნატიულ ხედვაზე. აი მაგალითად: ხართ სტუდენტი, მუშაობთ ნახევარ განაკვეთზე, მშობლებიც გაძლევენ ფულს და ყიდულობთ iphone 6-ს. მაგარია ^_^ თუმცა, რას იტყოდით, თუ თქვენი სანატრელი აიფონის ნახევარ ფასად მოივლიდით ევროპის რამდენიმე ქვეყანას? გგონიათ, აიფონი დაგრჩებათ და მოგზაურობა არა? გაერთობით და მორჩა? მაინდერის ავტორები, რომლებიც ძალიან ბევრს მოგზაურობენ, უბრალოდ სურათებს არ ვდებთ ხოლმე :) და ტურისტული სააგენტო Itravel-ის დამფუძნებელი სამი ქართველი, უკვე ბიზნესვუმენი, რომლებიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სტუდენტები იყვნენ ევროპაში, ამაში ნამდვილად არ დაგეთანხმებიან. რა არის მოგზაურობა და რატომ უნდა იმოგზაუროთ, ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. ერთს გეტყვით, რომ ის გაცილებით იაფია, ვიდრე თქვენ გგონიათ. თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ Itravel-ს. მაინდერმა უკვე დაუსვა რამდენიმე კითხვა სალომეს, ქეთის და ეკას.

მოგზაურობა ევროპაში

რატომ გადაწყვიტეთ ტურისტული სააგენტოს შექმნა?

ერთი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ დღეს ჩვენ, სამ მეგობარს გვექნებოდა ჩვენი ტურისტული სააგენტო, არ დავიჯერებდით. დაუჯერებელია ისიც, რომ ერთი წლის წინ ჩვენ, დამფუძნებლები საერთოდ არ ვიცნობდით ერთმანეთს. ევროპულმა გაცვლითმა პროგრამამ არა მარტო გაგვაერთიანა, არამედ შეგვაყვარა მოგზაურობა და წაშალა ყველანაირი საზღვარი ქვეყნებს შორის. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ერთმანეთს გამუდმებით ვუმეორებდით, რომ ახალი და განსხვავებული ტურები მოგვეფიქრებინა. ერთ-ერთი ასეთი მსჯელობის დროს გაგვიჩნდა კითხვა - რატომ მარტო ჩვენ? ბევრმა ადამიანმა არ იცის ის იაფი გზები და საშუალებები, რომლითაც შესაძლებელია დაუვიწყარი მოგზაურობის მოწყობა და გადავწყვიტეთ, ჩვენი გამოცდილება და ცოდნა სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა, დავხმარებოდით მათ მსოფლიოს საკუთარი თვალით ნახვაში.

რა არის itravel-ის მისია?

ჩვენი მთავარი მისია ნათლად არის წარმოჩენილი ჩვენს სლოგანში : ნახე მსოფლიო საკუთარი თვალით! ეს არ არის ძნელი, უბრალოდ, ჩვენ, ქართველებს, გვაქვს გარკვეულწილად სტერეოტიპული დამოკიდებულება, რომ მოგზაურობა ძალიან ძვირია და მხოლოდ ერთეულებს აქვთ ამის შესაძლებლობა. ეს კი ნამდვილად არ არის ასე. დაგვერწმუნეთ, მთავარია სურვილი. სურვილის შემთხვევაში კი თქვენს სამსახურში ვიქნებით ჩვენ და მოგცემთ შესაძლებლობას, წარმოუდგენლად დაბალ ფასებში ნახოთ თქვენი საოცნებო ქალაქები და ქვეყნები.

ვისზეა გათვლილი თქვენი პაკეტები?

ჩვენი ტურები გათვლილია ყველა კატეგორიის მსურველზე, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად მაინც გათვლილია უბრალო ადამიანებზე, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში შრომობენ იმისათვის, რომ მერე ერთი კვირა დაისვენონ, ჩვენ კი გვინდა, ეს ერთი კვირა მათთვის მართლაც დაუვიწყარი გახდეს. აქვე უნდა დავამატოთ, რომ ჩვენი ტურები მორგებულია სტუდენტებზეც, რომლებსაც სულ სხვა ტიპის მოგზაურობას ვთავაზობთ (რა თქმა უნდა, მათი სურვილის გათვალისწინებით). თავად ჩვენც სტუდენტები ვიყავით, როდესაც გაგვიმართლა და წავედით ევროპაში. მსოფლიოს აღქმა სტუდენტური თვალით, სულ სხვაა: გატაცება, ახალი მიზნები, ოცნებები, თავგადასავლები, წამოწყებები - ზუსტად ეს ვიგრძენით ჩვენ, როდესაც ჩვენ თვალწინ გადაიშალა ევროპა - მისი ულამაზესი და უძველესი ისტორია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ზუსტად ვიცით რა სჭირდებათ მათ და ჩვენივე გამოცდილებიდან გამომდინარე, მოგზაურობისთვის იდეალურ პირობებს ვთავაზობთ.

რითაა თქვენი შეთავაზება გამორჩეული? 

ველაზე მთავარი ფაქტორი, რასაც ნებისმიერი მსურველი უყურებს - ეს ფასია, შესაბამისად, თავიდანვე შევთანხმდით იმაზე, რომ გვექნებოდა საგრძნობლად დაბალი ფასები კონკურენტებთან შედარებით. ჩვენ ძალიან აქტიურად ვეცნობით სხვა ტურისტული სააგენტოების მომსახურებას. როგორც წესი, მათ აქვთ თავიანთი სტატიკური მონაცემები: ე.ი. ტური ტარდება კონკრეტულ დროს, კონკრეტული მიმართულებით, კონკრეტულ სასტუმროებში, კონკრეტული რაოდენობის ადამიანებზე. ჩვენ კი გვაქვს დინამიური შეთავაზებები: ვდებთ მარშუტის ინფორმაციას, მაგრამ მოგზაურობის მსურველებს შეუძლიათ შეცვალონ ეს მარშუტი და ჩვენ მათ ყველა სურვილს გავითვალისწინებთ. აგრეთვე შეუძლიათ მოგვწერონ და შეგვიკვეთონ სრულიად განსხვავებული და ახალი ტურები. ყველა ადამიანს საკუთარი პრიორიტეტი აქვს, შესაბამისად ჩვენ მათ პრიორიტეტებზე მორგებულ ტურს ვგეგმავთ და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მათი მხრიდან ძალიან მცირე დანახარჯებს მოითხოვს. მოკლედ, მაინდერი გირჩევთ იმოგზაუროთ ბევრი! ტურების დამგეგმავები უკვე გაგაცანით ;)

მოგზაურობა ევროპაში  

მოწონება/გაზიარება

ტეგები

,

კომენტარები