რა არის არომა მარკეტინგი? 06 მაი. 2015

არომა მარკეტინგი

არომა მარკეტინგი ბევრი მარკეტერის ყურადღების მიღმა რჩება, თუმცა მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში მიღებული შედეგი მართლაც რომ შთამბეჭდავია. ამის მიზეზი კი რამდენიმეა. ყნოსვა არის ერთადერთი ხუთი გრძნობიდან, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხიმგებელია ემოციებზე, მეხსიერებასა და ასოცირებულ სწავლებაზე. მეცნიერები ამბობენ, რომ იმის დამახსოვრების ალბათობა, რასაც ვყნოსავთ, 100-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე იმის, რასაც ვეხებით ან ვისმენთ. გამომდინარე აქედან, ნეირომარკეტინგი სწორედ ყნოსვით სტიმულებზე ახდენს მნიშვნელოვან ფოკუსირებას. ესეც არომა მარკეტინგის რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოყენება და გავლენა:

1. არომა მარკეტინგი ხელს უწყობს მეხსიერების სტიმულირებას.  თუ ჩვენი ბრენდი ან პროდუქტი რაიმე გამორჩეულ სუნთან ასოცირდება, მომხმარებლები მას უფრო ადვილად დაიმახსოვრებენ. ერთმა პროფესორმა აღნიშნულის შესამოწმებლად ექსპერიმენტი ჩაატარა. ის თავის ერთ კლასში ლექციის წინ გარკვეული სახის სუნამოს ასხამდა, ხოლო მეორეში სუნამოს გარეშე ატარებდა ლექციას. გამოცდაზე მან სუნამო საგამოცდო ოთახშიც მოაპკურა. აღმოჩნდა, რომ იმ კლასის სტუდენტებმა, რომლებიც სუნამოს თანხლებით ისმენდნენ ლექციებს, უკეთესი ქულები მიიღეს. მეორე ექსპერიმენტისას სტუდენტებს დაურიგეს სამი სახის ფანქარი: სუნის გარეშე, ჩვეულებრივი ხის სუნით, ჩაის ხის სუნით. გარკვეული დროის შემდეგ სტუდენტებმა ყველაზე კარგად გაიხსენეს ჩაის ხის სუნის მქონე ფანქარი და მასთან ასოცირებული მარკეტინგული გზავნილები. შესაბამისად, რაც უფრო გამორჩეულია სუნი და თუ მას პირველად შევიგრძნობთ, დამახსოვრების ალბათობა უფრო დიდია.

2. არომა მარკეტინგი, როგორც სამომხმარებლო გამოცდილების ნაწილი. როგორ ფიქრობთ, McDonald's-ში ან Starbucks-ში ჰამბურგერისა და ყავის მირთმევით უფრო დიდ სიამოვნებას იღებთ, თუ იმავე ჰამბურგერისა და ყავის სახლში მირთმევით? ალბათ, პირველ შემთხვევაში. ამას რამდენიმე გარემო და ფსიქოლოგიური ფაქტორი განაპირობებს, თუმცა, სუნის ფაქტორი ერთ-ერთი მთავარია. მაგალითად, მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა ადვილად იხსენებს Mcdonald's-ის რესტორნებში დამწვარი ზეთის სუნს. თუმცა მათი უმეტესობა აღნიშნავს, რომ ეს დადებითად მოქმედებს მათ მადაზე და კვების პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის. იგივე მიზეზის გამო, ყავის მოსადუღებელი მანქანების შექმნისას მანქანის სისტემა სპეციალურად არაა ჰერმეტული, რათა ყავის სურნელი ოთახში გავრცელდეს და მომხმარებელმა უფრო დიდი სიამოვნება მიიღოს. ეს ეფექტი პირველად Nestle-მ აღმოაჩინა. Nespresso ბრენდის ახალი ყავის მადუღარები, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი ხარისხის ყავას ამზადებდნენ, მომხმარებლების მიერ მაინც არ აღიქმებოდა იმ ხარისხის ყავად, რასაც კაფეებში მიირთმევდნენ. იმისათვის რომ ეს პრობლემა გადაეჭრათ, Nestle-მ ჯერ ყავახანების რესტორნების ქსელი შექმნა სადაც Nespresso-ს აპარატით ამზადებდნენ ყავას, შემდეგ კი აპარატს დაუმატა ყავის სურნელის გამოფრქვევის კომპონენტი. ამჯერად მომხმარებელს შეეძლო შეეძინა ზუსტად იგივე აპარატი, რაც ყავახანებში იყო და შეეგრძნო სურნელიც. ამით აღქმა იმისა, რომ სახლში მომზადებული ყავა არც ისე გემრიელია დიდწილად შემცირდა.

3. არომა მარკეტინგი ზრდის გაყიდვებს. ფინურმა არომა მარკეტინგის ფირმა Ideair -მა ჩაატარა ექპერიმენტი 10 რესტორანში. აქედან 5-ში გამოიყენეს ვიზუალური რეკლამები ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების გასაზრდელად, ხოლო დანარჩენ 5-ში ვიზუალურთან ერთად არომა მარკეტინგიც. ვიზუალურმა რეკლამამ გაყიდვები 10%-ით გაზარდა, ხოლო არომა მარკეტინგის თანხლებით გაყიდვები დამატებით 79%-ით გაიზარდა. სუნი ასტიმულირებს ემოციებს, შესაბამისად ყიდვის გადაწყვეტილება, რომელიც ემოციურ ფონზე მიიღება სპონტანურად, არომა მარკეტინგის გავლენის ქვეშ ადვილად ექცევა. ასე რომ, არომა მარკეტინგი ბრენდის წარმატების სამ გადამწყვეტ ფაქტორზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას და მისი იგნორირება არც თუ ისე კარგი იდეაა. ამასთან, რადგანაც განსაკუთრებით საქართველოში, არომა მარკეტინგი გავრცელებული არ არის, მისი დანერგვით კონკურენტული უპირატესობის მოპოვება გაცილებით ადვილია. მაგალითად, გაქვთ ტანსაცმლის მაღაზია, სადაც დანერგეთ არომა მარკეტინგი. მომხმარებელი სუნს ადვილად დაიმახსოვრებს და რა მოხდება შემდეგ? გარკვეული დროის შემდეგ, ის რამდენჯერაც შევა სხვა ტანსაცმლის მაღაზიაში, გაგიხსენებთ თქვენ, რადგან მას ემახსოვრება ის გამორჩეული სუნი და არა ათობით სხვა მაღაზია. ასევე მნიშვნელოვანია, სუნი იყოს თავსებადი თქვენს ბრენდთან და მიზნობრივი ბაზრის მახასიათებლებთან, იყოს გამორჩეული და არ იცვლებოდეს ხშირად.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები