რჩევები SEO-ს მართვაში 12 მაი. 2015

ქეისი "კარგი SEO" -  რუმინეთში მარკეტინგის ერთი ლექტორი, რომელიც ასევე ცნობილი ბლოგერია, ღამით სიცივემ გააღვიძა. აღმოჩნდა რომ გათბობის ცენტრალური სისტემა გამორთული იყო. ადგა და გაბრაზებულმა დაწერა პოსტი თავის ბლოგზე. აუდიტორია პრობლემის განხილვაში აქტიურად ჩაერთო და პოსტი ძალიან პოპულარული გახდა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, თუმცა ზამთრის პერიოდის დადგომისას ყოველდღე ორასამდე ვიზიტორი შემოდის მხოლოდ ამ პოსტის სანახავად. პრობლემით შეწუხებული რუმინელები სერჩავენ ქივორდს "გათბობის სისტემის ავარია" და პოსტსაც არ აკლია ვიზიტორი. ერთ ცივ ღამეში დაწერილი პოსტი ბლოგისთვის SEO-ს წყალობით უწყვეტი, სტაბილური ტრაფიკის წყაროა.

გინდათ ასეთი სტატია თქვენც?  ჩვენი მაღაზიის თუ ოფისის გარე ფასადს რეკლამებით ვაფორმებთ, ვცდილობთ იყოს მიმზიდველი, რომ ხალხი მოვიზიდოთ ჩვენს შეთავაზების გასაცნობად. ვცდილობთ გავზარდოთ ბრენდის ცნობადობა, ხალხმა ერთმანეთს ურჩიოს ჩვენთან მოსვლა. ამაშიც საკმაოდ დიდ ფულს ვხარჯავთ, გააჩნია ბიზნესის ზომას და მიზნებს. ფულს ვხარჯავთ სოციალური მედიის მართვასა და ქსელში რეკლამირებაზე. ეს ყველაფერი მიმდინარე ხარჯია, რომელიც ყოველთვის გაიწევა და მის გარეშე ძნელია წარმატების მიღწევა. თუმცა რამდენადაც ეს ყველაფერი აუცილებელია, ხშირად გვავიწყდება მომხმარებლის მოზიდვის უფასო გზა. უფასო პირობითად, თავიდან მასაც გარკვეული ინვესტიცია სჭირდება, თუმცა შემდეგ დიდი დროის განმავლობაში უზრუნველყოფს ჩვენს საიტზე ვიზიტორების დიდ ნაკადს, იმაზე მეტს, ვიდრე ჩვენს ფიზიკურ ლოკაციებს შეუძლიათ დაიტიონ. თუ მოვიზიდავთ ვიზიტორს და დავახვედრებთ მაღალი დონის საიტს, მომხმარებელს გავაცნობთ ჩვენს შეთავაზებას და ურთიერთობის მომდევნო ეტაპებზეც გადავალთ. მომდევნო ეტაპი შეიძება იყოს e-commerce, გამოწერა, ჩვენს ფიზიკურ ლოკაციაში სტუმრობა და ჩვენი შეთავაზების შეძენა და სხვა. გააჩნია ბიზნესის თავისებურებას და მიზანს. 

ამ სტატიაში რამდენიმე რჩევას გაგაცნობთ SEO-ს მართვაში (SEO - Search Engine Optimisation - საძიებო ძრავის ოპტიმიზაცია). SEO ეს არის საიტის სტრუქტურისა და კონტენტის მიზნობრივი მართვა, რათა ის საძიებო სისტემის ძიების შედეგებში მაღალ პოზიციებზე გამოჩნდეს. საძიები სისტემაში ძირითადად და ამ სტატიაშიც Google-ს ვგულისხმობთ, თუმცა სხვა საძიებო სისტემები, როგორებიცაა Bing, Yahoo, Yandex, დაახლოებით იგივე ფაქტორების მიხედვით ანიჭებენ რეიტინგს საიტებს ძიების შედეგებში. მაგალითად თუ გუგლში მოძებნით სიტყვას "პარტიზანული მარკეტინგი" და პირველ გვერდზე აღმოჩნდება Minder, თქვენ ალბათ გადახვალთ საიტზე და ჩვენ მივიღებთ ტრაფიკს. როგორც კვლევები აჩვენებს, ძიების შედეგების მეორე და მომდევნო გვერდებზე მომხმარებელთა ძალიან მცირე რაოდენობა გადადის, ამიტომაც ჩვენს ინტერესებშია მოვხვდეთ პირველ გვერდზე.  რამდენიმე რჩევა როგორ შევძლოთ მოვაწონოთ გუგლს თავი:

  1. Keyword -ესაა სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ეძებს მომხმარებელი და რომელიც კავშირშია ჩვენი საიტის კონტენტთან. მაგალითად Minder-ის ქივორდებია "მარკეტინგი" "მომხმარებელთა ქცევა" "პარტიზანული მარკეტინგი" "კრეატიული რეკლამა" და სხვა. ჩვენი საიტის კონტენტი უნდა იმეორებდეს ამ სიტყვებს, უნდა იყოს ნახსენები თეგებში, გვერდების მეტა აღწერებში და სათაურებში, სტატიების სათაურებში. SEO-სთვის ქივორდს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ერთი ლოგიკური მიზეზის გამო, საძიებო სისტემა იმას უჩვენებს მომხმარებელს, რასაც ეძებს. აქვე უნდა გაითვალისწინოთ ის ქივორდები, რომლებზეც ააგებთ თქვენს SEO-ს. არის ბევრი SEO პროგრამული პაკეტი რომელიც ამაში დაგეხმარებათ, მაგრამ ისინი ფასიანია. მათი საშუალებით შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი კონკურენტის ქივორდები და მათ მიხედვით დაგეგმოთ საკუთარი. ან უბრალოდ, შეგიძიათ ჩამოწეროთ ის სავარაუდო ქივორდები, რომლებსაც ფიქრობ რომ მომხმარებელი მოძებნის. თუმცა აქ შეიძლება შეცდომა დაუშვათ, იფიქროთ, რომ ქივორდი იქნება პოპულარული მომხმარებელში, თუმცა შესაძლოა ეს სულაც არ იყოს ასე. ამის გადამოწმების კარგი გზაა Google Adwords. მისი საშუალებით გეგმავთ ფასიან CPC და სხვა სახის კამპანიებს, თუმცა ასევე შეგიძიათ გამოიყენოთ მისი ხელსაწყო Keyword Planner და ნახოთ თქვენთვის საინტერესო ქივორდებს რამდენად ხშირად ეძებს მომხმარებელი. ამასთან, ქივორდი შეიძლება იყოს ძალიან ხშირად ძიებადი, თუმცა მას უკვე იყენებდნენ ისეთი კონკურენტები, რომელთა SEO-ს დაჯაბნა ძალიან ძნელი იქნება. ამ შემთხვევაში ჯობია გამოიყენოთ უფრო ნაკლებად ძიებადი ქივორდები, რომელსაც სხვა კონკურენტები ნაკლებად იყენებენ და ამით უპირატესობას მოიპოვებთ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვადასხვა ქივორდი სხვადასხვა სახის აუდიტორიას შემოიყვანს თქვენს საიტზე. მაგალითად ქივორდი "კრეატიული რეკლამები" შემოიყვანს უფრო მარკეტინგით დაინტერესებულ ამ სფეროში არაპროფესიონალებს, მაშინ როცა ქივორდი "SEO" უფრო პროფესიონალ აუდიტორიას მოიზიდავს. 
  2. საიტის სტრუქტურა - შესაძლოა თქვენი საიტი იყოს ძალიან კარგად მორგებული ქივორდებზე, თუმცა მისი სტრუქტურა და კოდი იყოს გაუგებარი საძიებო სისტემისათვის. საძიებო სისტემის რობოტები ამოწმებენ საიტებს პერიოდულად და ანიჭებენ რანკს თითოეული ქივორდისთვის. თუ კოდი გაუგებარია, სტრუქტურა არეული, საიტს და გვერდებს სათითაოდ არ აქვთ უნიკალური მეტა აღწერები და დასახელებები, რობოტი საიტის ქივორდებს ვერ აღიქვამს სრულყოფილად. საიტის მეტა ინფორმაციის მოწესრიგებულად წარმოსაჩენად გამოიყენება უნიფიცირებული სისტემა schema.org. აქ შეგიძიათ იხილოთ თქვენი საიტის პროფილისთვის შესაფერისი მეტა ინფორმაციის სტრუქტურა. თუ მას სწორად გამოიყენებთ Google-ის ძიების შედეგებში თქვენი საიტის შესახებ გამოჩნდება თქვენთვის სასურველი ინფორმაცია (საიტის მოკლე აღწერა, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია).
  3. ლინკები - ერთი და იგივე ქივორდი შესაძლოა ბევრ საიტს ჰქონდეს, თუმცა გუგლი გამოაჩენს იმ საიტს პირველს, რომელსაც უფრო ხარისხიანი კონტენტი აქვს. კონტენტის ხარისხი დგინდება ტექსტის ზომით (300 სიმბოლოზე მეტი რეკომენდირებულია), ტექსტში ქივორდების გამეორების ხარისხით, აქვს თუ არა ტექსტს გაბოლდებული კომპონენტები და სხვა. თუმცა მთავარ ინდიკატორად არის თუ არა ტექსტი ხარისხიანი გამოიყენება შემომავალი და გამავალი ლინკები. რაც უფრო ბევრი ლინკი, და რაც უფრო ხარისხიანი საიტებიდან შემოდის თქვენს გვერდზე, თქვენი გვერდი უფრო დიდ რანკს მიიღებს. მაგალითად, თუ თქვენს კომპანიაზე ხშირად წერენ სტატიებს ონლაინ მედიაში და შესაბამისად ლინკავენ თქვენს საიტს, ესაა შემომავალი ლინკი და SEO-ს ძალიან ეხმარება. გამავალი ლინკია როდესაც თქვენს ტექსტში ლინკავთ სხვა საიტს. რაც უფრო ხარისხიან საიტებს დალინკავთ, უფრო კარგია. 
  4. სოციალური მედია - საიტის ხარისხის შესაფასებლად და იმის დასადგენად, რამდენად მოსწონს მომხმარებელს, გუგლი იყენებს სოციალური მედიის მონაცემებს. რაც უფრო აქტიური ხართ სოციალურ მედიაში, მით უფრო დიდ რანკს იღებს თქვენი საიტი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს Google+ -სს. ეს გასაკვირიც არაა, გუგლი ცდილობს საკუთარი სოციალური ქსელი ამ მხრივადაც გახადოს უპირატესი. ამასთან,  როდესაც რაღაცას ეძებთ გუგლში, ხშირად google+ -ის შედეგი ამოვარდება ხოლმე. ეს დამატებითი შესაძლებლობაა ვიზიტორების მიღების. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს Facebook-ს. ასევე ამბობენ, Pinterest-ს და Twitter-საც დიდი ყურადღება ექცევაო. 

და კიდევ რამდენიმე რჩევა:

  • მოარგეთ საიტი მობილურ მოწყობილობებს.
  • საიტი აუცილებლად დაარეგისტრირეთ google webmaster tools, Bing webmaster tools, Alexa, Yandex Webmaster -ზე. აქედან პირველს აუცილებლად უნდა ადევნოთ თვალი, რათა ნახოთ რომელი ქივორდებიდან შემოდის ხალხი და მოახდინოთ ოპტიმიზაცია. თუმცა თუ გუგლის ექაუნთიდან შემოდის ვიზიტორი, თქვენ მის ქივორდს ვერ დაინახავთ. ამიტომ ჯობია Bing-იც აქტიურად ამოწმოთ ხოლმე, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში საკმაოდ პოპულარულ ნოკია ლუმიას ტელეფონებს დეფაულთ სერჩი ბინგის აქვთ და ახალი Windows 10-ის შემოსვლის შემდეგ არავინ იცის, როგორ შეიცვლება საძიები სისტემების ბაზარი. თუ მაგალითად, საქართველოში ძიების მხოლოდ 5% მოდის ბინგზე და არცერთი თქვენი კონკურენტი არ არის დარეგისტრირებული ბინგ თულზე, ეს უკვე არის მნიშვნელოვანი ტრაფიკის წყარო თქვენი საიტისთვის. რაც შეეხება Alexa და Yandex-ს ჯობია ვიყოთ დარეგისტრირებული, რამდენიმე წუთს წაიღებს, სამაგიეროდ ტრაფიკზე მცირე გავლენას მაინც მოახდენს. ასევე არ დაგავიწყდეთ xml sitemap-ის შექმნა და webmaster-ებზე მიბმა. ამის შესახებ გუგლში დასერჩეთ და ადვილად მიხვდებით.
  • შეიძლება ერთ დღეს თქვენ იყოთ ძიების შედეგებში პირველი, მეორე დღეს თქვენი კონკურენტი. მართალია SEO შედარებით სტაბილურია, თუმცა მოდუნების უფლება არ გაქვთ. თუ კონკურენტი სერიოზულად მიუდგება SEO-ს და გადაგასწრებთ, თქვენც უნდა გააკეთოთ რამე.
  • გამოიყენეთ კარგად დაგეგმილი თეგები.

 

ამ რჩევების უმეტესობის დანერგვას ვებ დეველოპერობა არ სჭირდება, თუმცა ზოგიერთის შემთხვევაში შესაძლოა დახმარება დაგჭირდეთ.  

მოწონება/გაზიარება

კომენტარები