iGeneration ანუ ინტერნეტის თაობა 18 მაი. 2015

  ალბათ ყველას გაგიგიათ თაობა Y -ის შესახებ. ისინი შეადგენენ წინა ათასწლეულის ადამიანებს, 1980-იან წლებში დაბადებულებს, თუმცა ამავე დროს, ტექნოლოგიებთან ძალიან ახლოს არიან და აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს. ისინი ასევე გამოირჩევიან მსყიდველობითუნარიანობით და მთელ მსოფლიოში ბიზნესისთვის მთავარ მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენენ. წლებია, მარკეტინგული ღონისძიებების სრული კომპლექტი მათ მოსაზიდად იხარჯება. ეს სტატია მათ ჩამნაცვლებლებზეა, თაობა Z-ზე, iGeneration ანუ ინტერნეტის თაობა - როგორც მათ უწოდებენ. iGeneration_by_Mirage992 (წყარო)

   iGeneration წარმოადგენს ახალგაზრდებს, რომლებიც დაიბადნენ 1994 წელს ან უფრო გვიან და მოგვიანებით სმარტფონებით ხელში გაიზარდნენ. ისინი მუდმივად "ონლაინ" არიან და არ ხდებიან დამოკიდებული ვინმეზე, როცა ელექტრონულ შესყიდვებს აკეთებენ. პიარ სააგენტო Schneider Associates-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მათთვის მთავარი არის "მე", ისინი ინფორმაციას იღებენ მაშინ, როცა სჭირდებათ და ყიდვაზე გადაწყვეტილების მიღებისას უფრო ენდობიან მეგობრებს ან თუნდაც სრულიად უცხო ადამიანების რეკომენდაციას, ვიდრე ცნობილ ადამიანებს თუ ბრენდებს სოციალურ მედიაში. თაობა Z თავისთვის საინტერესო პროდუქტის შესახებ, პირველ რიგში, სწორედ სოციალ ქსელებში იძიებს ინფორმაციას და ასევე ამოწმებს, მისთვის საინტერესო ახალი პროდუქტი ხომ არ შემოვიდა ბაზარზე. როგორ შეიძლება ეს ახალი, დამოუკიდებელი თაობა ვაქციოთ ჩვენს მომხმარებლებად? ამისთვის უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:

  • ყველაფრის პერსონალიზება - ეს თაობა ბრენდისგან მოელის ინდივიდუალურ მიდგომასა და კომუნიკაციას, მათ არ მოსწონთ, როცა კომპანია მათ განიხილავს, როგორც ჰომოგენურ ჯგუფს და სტანდარტული "ძვირფასო მომხმარებელო"-ს ტიპის ელექტრონულ წერილებს სწერს. როგორ უნდა მოვახდინოთ ტარგეტირება პერსონალურ დონეზე? მათი ინტერესების გაგება მარტივად შეიძლება- ისინი ყველაფერს აზიარებენ სოციალურ ქსელებში.
  • კავშირი სოც. მედიის მეშვეობით - iGeneration სოციალურ ქსელებს მეგობრებთან კონტაქტზე უფრო დიდხანს იყენებს - მათთვის ფეისბუქი, ტვიტერი, იუთუბი, ინსტაგრამი თუ სნეპჩეტი ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროს წარმოადგენს. ასე რომ, სიახლეების მიწოდებისთვის სოციალურ ქსელებს დიდი პოტენციალი გააჩნია.
  • სწორი რეკლამირების შერჩევა - კვლევები აჩვენებს, რომ ეს თაობა საერთოდ არ უყურებს სატელევიზიო რეკლამებს, თაობა X-სგან განსხვავებით, რომელთა 68% პირველად ტელევიზორით იგებს პროდუქტის შესახებ და შემდეგ ინტერნეტში მოიძიებს ინფორმაციას. ასე რომ, თუ Z თაობაზე გაქვთ გათვლა, რელევანტური სარეკლამო არხი უნდა აირჩიოთ.
  • კონტენტით შთაბეჭდილების მოხდენა - ისინი საოცარი სისწრაფით "სქროლავენ" ნიუს ფიდს, ამიტომაც აუცილებელია მიმზიდველი დიზაინის, ფოტო-ვიდეო მასალის გამოყენება მათი ყურადღების მოსაზიდად. თაობა Z არის ვიზუალური თაობა და მათთან ეფექტურია ხარისხიანი კონტენტის გამოყენება.
  • მობილურის გამოყენება მათთან წვდომისთვის - iGeneration იშვიათად არის სმარტფონის გარეშე, თითქმის მთელი დღის რეჟიმში იყენებენ მას. ამიტომაც არის აუცილებელი მობილურთან ოპტიმიზაცია. ზოგადად, ეს ტენდენცია სხვა თაობებისთვისაცაა. ამას ითვალისწინებს ბევრი ონლაინ კომერციის ვებ-გვერდი და ასევე სოციალური ქსელები. ინსტაგრამი საცალო ბრენდებისთვის "დაწკაპუნება-შესაძენად" ღილაკის დამატებას გეგმავს.

ბევრ კომპანიას ჰგონია, რომ ეს თაობა ჯერჯერობით არაა მიმზიდველი მათთვის. თუმცა, არსებული მდგომარეობით, მათ გააჩნიათ 43 მილიარდიანი წლიური ხარჯვის ძალა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თაობა Z ახლა ამთავრებს უნივერსიტეტს და შედის შრომის ბაზარზე, ასე რომ მათ უზარმაზარი პოტენციალი აქვთ.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები