Appollo - აუდიო ზღაპრების აპლიკაცია 19 მაი. 2015

ზღაპრები ალბათ ყველა ჩვენგანის ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო და ასევე გვინდა, ჩვენმა შვილებმაც მიიღონ სიამოვნება მათი მოსმენით. თუ  ზოგჯერ სამსახურიდან დაღლილი ბრუნდებით და ამავე დროს არ გინდათ, პატარას საღამომ ზღაპრის გარეშე ჩაიაროს, გთავაზობთ გამოსავალს.  გვინდა გაგაცნოთ ქართული სტარტაფი Appollo - აუდიო ზღაპრების აპლიკაცია.  appollo-logo   ჩვენ Appollo-ს გუნდის ლიდერს, მარიამ ქავთარაძეს ვესაუბრეთ:

საიდან გაჩნდა ამ პროექტის იდეა და რატომ "Appollo"?

მეც და ჩემს მეგობრებსაც ყოველთვის გვინდოდა, შეგვექმნა რამე ახალი და განსაკუთრებული. როდესაც გასული წლის შემოდგომაზე Smart-up Georgia-ს შესახებ გავიგეთ, ჩავთვალეთ რომ ეს ჩვენი შანსი იყო და გადავწყვიტეთ, მიგვეღო მონაწილეობა. აუდიო ზღაპრების აპლიკაციის შექმნა საერთო ინტერესებიდან (ტექნოლოგიები, განათლება, ბავშვთა განვითარება) გამომდინარე გადავწყვიტეთ. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მშობლებს თავიანთი შვილების ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე ზრუნვაში და ამასთან, დავუზოგოთ ძვირფასი დრო. სახელს რაც შეეხება, გაფრენის სურვილმა შთაგვაგონა. თანაც, რადგან აპლიკაციას ვქმნით, თემატურია სახელში APP ფიგურირებდეს. ჩვენ Appollo 5-ის ეკიპაჟი ვართ და მივფრინავთ მთვარეზე, რომ იქიდან ახალი ზღაპრები ჩამოვუტანოთ ბავშვებს. appollo-team

  როგორი იქნება აპლიკაცია და რომელი ოპერაციული სისტემებისთვისა ხელმისაწვდომი?

აპოლოს ყველა ზღაპარი განთავსდება ერთ აპლიკაციაში და მომხმარებელს არ მოუწევს მათი სათითაოდ ჩამოტვირთვა. რაც შეეხება საოპერაციო სისტემას, დასაწყისისთვის ჩვენი აპლიკაცია იქმნება ანდროიდისთვის, თუმცა მალევე ვაპირებთ iOS აპლიკაციის გამოშვებასაც.

მხოლოდ ქართული ზღაპრები იქნება თუ მსოფლიო ზღაპრებიც?

აპოლოს აპლიკაციით შესაძლებელი იქნება როგორც ქართული, ასევე ქართულად გახმოვანებული უცხოური ზღაპრების მოსმენა.

ამჟამად აპლიკაციის წინასწარი გამოწერა 1 ლარი ღირს. რა ეღირება როცა აპლიკაცია გაეშვება ოფიციალურად და როდისთვის იგეგმება გამოქვეყნება?

აპლიკაციის ჩამოტვირთვა ყველასთვის უფასო იქნება. მომხმარებელი თანხას იხდის ზღაპრის კრებულებში (პაკეტებში). შემადგენლობიდან გამომდინარე, პირველი კრებულების ფასები იმერყევებს 3-დან 6 ლარამდე. ამჯერად მომხმარებელს ვთავაზობთ ქართული ზღაპრების პაკეტის წინასწარ შეძენას სიმბოლურ ერთ ლარად. აპლიკაციის გამოშვებას ვგეგმავთ სექტემბერში.

გყავთ თუ არა კონკურენტები ამ სეგმენტში?

დღეს ბაზარზე არ არსებობს ქართულენოვანი ბავშვებისთვის ჩაწერილი ზღაპრების აპლიკაცია, რომელშიც თავს მოიყრის როგორც ქართული, ასევე უცხოური ზღაპრები. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ აპოლოს პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავს. თუმცა, განვიხილავთ კონკურენციას ანიმირებული ზღაპრების აპლიკაციების, მულტიპლიკაციური ფილმების, ნაბეჭდი წიგნების, ელ. წიგნების და CD ფორმატით ჩაწერილი აუდიო ზღაპრების მხრიდანაც.

და ბოლოს, რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

აპოლოს უახლოეს გეგმებს ორ სტარტაპ-ღონისძიებაში (Smart-up Georgia და Startup Marani) მონაწილეობა წარმოადგენს. აპლიკაციის გამოშვებას ვგეგმავთ სექტემბერში, სამომავლოდ კი ვფიქრობთ, გავცდეთ ზღაპრების ნიშას და სხვა ჟანრის აუდიო წიგნების აპლიკაციებიც შევთავაზოთ ბაზარს.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები