იმეილ ბაზის ყიდვა ცუდი იდეაა 29 ივნ. 2015

იმეილ-მარკეტინგი-ბაზისყიდვა ალბათ, თქვენც მოგსვლიათ პირად თუ კორპორატიულ ელექტრონულ ფოსტაზე ზემოთ მოცემული ფოტოს მსგავსი წერილი სრულიად უცნობი ადამიანისგან. შემოთავაზება გამოუცდელ მარკეტერს შეიძლება მიმზიდველად მოეჩვენოს - 100 ლარად 300 000 ადამიანთან წვდომა ძალიან კარგად ჟღერს. ეს ხომ პოტენციურად დიდ შანსს იძლევა, რომ გაყიდვები გაიზარდოს. მაშინ რაშია პრობლემა? რატომ არ უნდა ვიყიდოთ იმეილ ბაზა? პირველ რიგში, იფიქრეთ საკუთარი გადმოსახედიდან. რამდენად მოგწონთ, როცა სრულიად უცნობი კომპანიებისგან იღებთ ელექტრონულ წერილებს მუდმივი სიხშირით? დამეთანხმებით, მომაბეზრებელია და ამ კომპანიებს მხოლოდ უარყოფითი ემოციებით იმახსოვრებთ. ასე რომ, იმეილ ბაზის ყიდვა ცუდი იდეაა პირველ რიგში იმიტომ, რომ ის არ იძლევა მიზნობრივი აუდიტორიის არჩევის საშუალებას. თქვენი რესტორნის ხორცეულისგან დამზადებული კერძების რეკლამა შეიძლება ვეგეტარიანელის ინბოქსში აღმოჩნდეს. თუნდაც ამ ელექტრონული ფოსტის ბაზის მცირე ნაწილი აღმოჩნდეს თქვენი პოტენციური მომხმარებელი, ისინი უმეტესად მაინც არ ისარგებლებენ თქვენი შემოთავაზებით, რადგან მათთან დასაკავშირებლად ნებართვა არ აგიღიათ. შემდეგი უარყოფითი ეფექტი არის თქვენი შავ სიაში მოხვედრა. არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც იმეილ სპამერების აღმოჩენაზე მუშაობენ. თუ თქვენგან ძალიან ხშირად იგზავნება წერილები არააქტიურ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე, ძალიან დიდი შანსია, რომ საბოლოოდ დაემშვიდობოთ რეპუტაციას და თქვენი მეილი მხოლოდ სპამის განყოფილებაში თუ მიუვა მომხმარებლებს. უნდა გახსოვდეთ, რომ კარგი იმეილების ბაზა არ არსებობს და თუ არსებობს, მას არავინ მოგცემთ. მაშინ რა იქნება სწორი იმეილ მარკეტინგის სტრატეგია? თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ნებართვაზე დაფუძნებული იმეილების სია. როგორ გავზარდოთ ეს სია?
  • შექმენით რაიმე ღირებული, რის გამოც მომხმარებელი მზად იქნება გასცეს თავისი ელექტრონული ფოსტა - მაგალითად თქვენი პროფილის შესაბამისი ვებ სემინარები, ელექტრონული წიგნები,კვლევის რეპორტი, პროდუქტის საცდელი ვერსიები და ა.შ.
  • შექმენით ელექტრონული სერვისები, რომლებშიც მონაწილეობა იმეილის გარეშე შეუძლებელია.
  • შექმენით კრეატიული იმეილ მარკეტინგის კამპანიები, რათა არსებულ და პოტენციურ მომხარებლებსაც გაუჩნდეთ თქვენთან ინტერაქციის გაგრძელების სურვილი.
და ბოლოს, თუ დაინტერესებული ხართ იმეილ მარკეტინგით, შეგიძლიათ გადმოწეროთ Hubspot-ის ელექტრონული წიგნი, რომლის მისაღებადაც თქვენი ელექტრონული ფოსტისა და სხვა ინფორმაციის გაცემაა აუცილებელი. სწორედ ესაა ნებართვაზე დაფუძნებული იმეილ მარკეტინგის ნიმუში, თავად წყვეტთ გასცეთ თუ არა თქვენი ელექტრონული ფოსტა.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები