დიზაინი რომელიც ადამიანების ცხოვრებას ცვლის 01 ივლ. 2015

ხანდახან ერთი შეხედვით სულ მცირე დეტალს შეუძლია ათასობით ადამიანის ცხოვრება შეცვალოს. კანის ოქროს ლომის დაჯილდოვების გამარჯვებული რამდენიმე პროდუქტის დიზაინი ამის საუკეთესო ნიმუშია.

იღბლიანი რკინის თევზი - რკინის უკმარისობა განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისთვის სერიოზული პრობლემაა. კამბოჯაში, სადაც მოსახლეობა ძირითადად თევზით და ბრინჯით იკვებება, 6 მილიონამდე ადამიანს აქვს რკინის უკმარისობა, რაც ბევრი დაავადების გამომწვევია. რკინის შემავსებელი ვიტამინები საკმაოდ ძვირია და ღარიბთათვის არაა ხელმისაწვდომი. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თუ საჭმლის მომზადებისას სპეციალურად დამუშავებულ რკინის ნაჭერს ჩავდებთ საჭმელში, ეს რკინის აუცილებელ დოზის 75%-ს უზრუნველყოფს. მოსახლეობას რკინის ნაჭრები დაურიგეს და აუხსნეს, რომ მათი გამოყენება აუცილებელი იყო, თუმცა პროექტი წარუმატებელი გამოდგა, ისინი "რაღაც რკინის ნაჭერს" უბრალოდ არ ათავსებდნენ საჭმელში. ჩატარდა კვლევა და მივიდნენ ბრწყინვალე შედეგამდე. რკინის ნაჭერს მისცეს თევზის ფორმა, რაც იღბლის სიმბოლოა კამბოჯურ კულტურაში. მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება. დიზაინში უბრალო ცვლილებამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

სიცოცხლის წერტილი - მილიონობით ქალი ინდოეთში სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებით იტანჯება, რომელთა უმეტესობაც იოდის დეფიციტითაა გამოწვეული. იოდის შემავსებელი წამლები არსებობს, თუმცა სიძვირის გამო ისინი ყველასთვის არაა ხელმისაწვდომი. ორგანიზაცია Talwar Bindi-მა სარეკლამო სააგენტო Grey Group-ის დახმარებით შექმნა იოდის შემცველი ბინდი, წერტილი, რომელსაც ინდოელი ქალები შუბლზე ატარებენ. შესაბამისი კამპანიის წყალობით დღეს უკვე მილიონობით ქალი ატარებს იოდის შემცველ ბინდს. 

სუფთა ჰაერის ყუთი - ჩინეთში ჰაერის დაბინძურება კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს. მოსახლეობა ჰაერის ფილტრებს აყენებს სახლებში, თუმცა მათი სიძვირის გამო მხოლოდ მცირე ნაწილისთვისაა ხელმისაწვდომი. VolksWagen-მა  DDB Worldwide-ის დახმარებით გადაწყვიტა გამოსავლის პოვნა. თანამედროვე მანქანებს აქვთ ჰაერის ფილტრები, რომლებიც კაბინაში შემავალ ჰაერს ფილტრავენ. თუ ამ ფილტრს კუსტარულად მივამაგრებთ უბრალო ვენტილატორს ეს ჰაერის დაბინძურებას 1/3 -ით შემაცირებს. VolksWagen აპირებს პროექტის ჩინეთის ყველა საკლასო ოთახში დანერგვას.

 პროდუქტის დიზაინის კატეგორიაში სხვა გამარჯვებულები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები