სოციალური ეფექტი სოციალურ მედიაში 21 ივლ. 2015

სოციალური მედია რეკლამა მარკეტინგის განუყოფელი და ხშირ შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა. თუმცა, ბევრს ავიწყდება ის ფაქტი, რომ ეს არის სოციალური მედია, სოციალური! და ადამიანები აქ სწორედ ამ მიზნით არიან. მათ უნდათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და სოციალიზაცია, ნაკლებად აინტერესებთ ბიზნესის შეთავაზებები. წვეულებაზე მოულოდნელად შემოვარდნილი ბიზნესის წარმომადგენელი ფლაერებით ხელში ცოტა არანორმალურია, თუმცა, ამავე ბიზნესზე დიდი სიამოვნებით გავუზიარებთ ჩვენს აზრს გარშემომყოფებს, თუ სიტყვამ მოიტანა.

მოკლედ,  მთავარი წარმატების გასაღები არა დაფრომოუთებული პოსტებია, არამედ სტრატეგია, რომელიც ადამიანებს ჩვენს ბიზნესზე აალაპარაკებს. დადებითი კუთხით, რა თქმა უნდა.

რამდენიმე რჩევა, როგორ უნდა შევძლოთ ეს:

1) აღაფრთოვანე მომხმარებელი - როგორც ბესთსელერი წიგნის The Contagious ავტორი, Jonah Berger ამბობს, ფსიქიკური აღგზნება გაზიარების უდიდესი სტიმულატორია. თუ განვიცდით რაიმე მძლავრ ემოციას, ვერ ვითმენთ, სანამ ვინმეს არ გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. მაგალითად, თუ თქვენს რესტორანში მოსულ მომხმარებელს ჩეკთან ერთად ღიმილიანი სახით ერთ ჭიქა ღვინოსაც მიუტანთ, ეს გამოიწვევს აღფრთოვანებას და ის ამის შესახებ აუცილებლად უამბობს მეგობრებს. აქ ცოტა დისკრიმინაციასაც შეიძლება მიმართოთ. ვიზუალურად შეიძლება შეატყოთ ვინ შეიძლება იყოს სოციალურ მედიაში აქტიური ადამიანი და ვინ არა. მეგობრის დადებითი დახასიათება გაცილებით ფასეულია, ვიდრე ათეულობით დაფრომოუთებული პოსტის ხილვა ნიუს ფიდში.

სოციალური მედია

2) გახადე ტრენდული - ცნობილი ფაქტია, რომ აზრის ლიდერებს მიყვება მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ეს ეფექტი გაცილებით ძლიერია სოციალურ მედიაში, სადაც ინფორმაცია უსწრაფესად ვრცელდება. თუ თქვენს ბიზნესზე დაწერს დადებით პოსტს ან უბრალოდ თქვენგან დაჩექინდება ადამიანი, რომლის აზრსაც მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფში ფასი აქვს, ეს თქვენს ბიზნესის ტრენდულობაზე დიდ გავლენას მოახდენს. ცნობილი პრაქტიკაა, რომ ადამიანები, რომლებსაც ყავთ ბევრი ფოლოუერი და ფანი სხვადასხვა სოციალურ მედიაში, დავპატიჟოთ და უფასოდ გავუწიოთ მომსახურება (ან თუ საჭიროა, გადავუხადოთ ფული), რათა უბრალოდ ერთი პოსტი დაწერონ ჩვენს ბიზნესზე. დღეს ცნობილი ადამიანი არ არის მხოლოდ მსახიობი თუ ფეხბურთელი, არანაკლებ ცნობილია ბლოგერი, რომელსაც 5000 მეგობარი ჰყავს ფეისბუქზე და ასობით ფოლოუერი ინსტაგრამზე. აქ მუშაობს ავტორიტეტის ეფექტი. ზოგისთვის ავტორიტეტია თინეიჯერი გოგონა, რომელიც თავისი ცხოვრების წესით ადამიანების გარკვეული ჯგუფის ინტერესს იმსახურებს, ზოგისთვის იუმორისტული სტატუსებით გამორჩეული პიროვნება, ზოგისთვის მორწმუნე ადამიანი. აქ უნდა გაითვალისწინოთ თქვენი მიზნობრივი ბაზარი, დადებითი პოსტი ერთი სუბკულტურის აზრის ლიდერისგან, შეიძლება უარყოფითად აისახოს მეორე სუბკულტურის დამოკიდებულებაზე თქვენი ბიზნესისადმი.

3) აგრძნობინე მომხმარებელს თავი განსაკუთრებულად - ადამიანებს უყვართ, როცა მათ განსაკუთრებულად ექცევიან, აქვთ პრივილეგირებულის სტატუსი. შესაძლოა ეს პრივილეგია არაფერს არ წარმოადგენდეს გარდა იმ ფაქტისა, რომ მომსახურე პერსონალი უბრალოდ სახელით გვიცნობს, თუმცა ამას იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე წარმოგვიდგენია. ასეთ დროს ადამიანებს უჩნდებათ ლოიალურობის გრძნობა და ისინი პირველივე შემთხვევაში ეცდებიან თავისი სტატუსის შესახებ მეგობრებს უამბონ. ალბათ გყავთ მეგობრები, რომლებიც სულ ერთსა და იმავე ადგილას ჩექინდებიან. შეიძლება სწორედ ამ მოვლენასთან გვქონდეს საქმე.

4) შექმენი ინტერაქტიული კონტენტი - ხარისხიანი კონტენტი შესაძლოა არ იწვევდეს პირდაპირი რჩევის ეფექტს, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალიზაციის კუთხით. ალბათ გსმენიათ მაღაზია Timberland Tbilisi-ს შესახებ, მათი პროდუქციის ფასებზე კომენტარებში ხუმრობა ერთგვარ ტრადიციად იქცა.

სოციალური მედია

ვერ გეტყვით, რომ ეს კომპანიის დაგეგმილი სტრატეგიაა (გვერდის ადმინი ამ კომენტარებმა იმდენად გააღიზიანა, მომხმარებელს შეურაცხყოფაც კი მიაყენა), ვერ იმას გეტყვით, ჯდება თუ არა ეს ბრენდის მანტრაში, თუმცა შედეგი შთამბეჭდავია. კონტენტმა (ფეხსაცმლის სურათი საკმაოდ ძვირი ფასით) შეძლო ათასობით ადამიანის ალაპარაკება. თუ კომენტარების ავტორების აბსოლუტური უმრავლესობა ამ ფეხსაცმელს არ იყიდის, სნობური მიდრეკილებების ადამიანები იყიდიან, მათ ენდომებათ დაამტკიცონ რომ სხვაზე მეტს წარმოადგენენ. ასე რომ, მიზანი მიღწეულია, კონტენტმა შეძლო და წვეულებაზე ბრენდი დისკუსიის ნაწილი გახადა.

5) წაახალისე გაზიარება ხელოვნურად - მართალია, მომხმარებლის მიერ ბუნებრივად შექმნილ კონტენტს, სადაც კომპანიაზე და მის პროდუქტზე დადებითადაა საუბარი, ვერაფერი შეედრება, თუმცა, ხანდახან, ძირითადად საწყის ეტაპზე, აუცილებელია კონტენტის შექმნა ხელოვნურად წავახალისოთ. მაგალითად, თუ გვაქვს პაბი, მომხმარებლებს შეგვიძლია ჩექინის სანაცვლოდ სასმელი მივცეთ უფასოდ. ხელოვნური კონტენტია, თუმცა ვინ იცის ამის შესახებ? მხოლოდ ჩვენ და პაბის სტუმრებმა. დანარჩენი სოციალური მედია მას აღიქვამს როგორც ბუნებრივს. ადამიანის რეაქცია, რომელიც სახლში კომპიუტერთან ზის: "ჩემი მეგობრები ამ პაბში ჩექინდებიან, კარგი ადგილი უნდა იყოს". ასევე კარგი საშუალებაა მიმოხილვები (რივიუები). თუ ჩვენს მომხმარებელს ვთხოვთ დაგვიწეროს რივიუ, თან შესაძლოა რაიმე წამახალისებელი სარგებელი შვეთავაზოთ, და შემდეგ ამ დადებით რივიუს სოციალ ქსელში გავაზიარებთ, ესეც იმოქმედებს როგორც მესამე პირის მიერ გაწეული რეკლამა. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ჩვენს თავზე, მომხმარებლები გვაქებენ.

რომ შევაჯამოთ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ ჩვენი ბრენდი სოციალურ მედიაში დისკუსიის ნაწილი გავხადოთ. პოსტების რეკლამაზე გაშვება ყველას შეუძლია, მაგრამ მიიღო უფასო რეკლამა მომხმარებლისგან, ესაა ნამდვილი სოციალური მედია მარკეტინგი.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები