Forever 21-ის ძაფის ეკრანი 26 ივლ. 2015

ახალგაზრდებისთვის საყვარელმა ტანსაცმლის ბრენდმა Forever 21-მა სააგენტო Breakfast-ის დახმარებით შექმნა ნამდვილი ხელოვნების ნიმუში სარეკლამო ბილბორდი.

როგორი შეიძლება იყოს ეს სარეკლამო ბილბორდი, ბრენდს რომ შეეფერებოდეს? რა თქმა უნდა, მასში გამოყენებული უნდა იყოს ბევრი ტექსტილი. ასევე, უნდა იყოს გათვლილი ბრენდის მომხმარებელზე, ძირითადად თინეიჯერებზე.

ორივე მოთხოვნას Breakfast-ის გუნდმა შესანიშნავად გაართვა თავი. მათ შექმნეს ეკრანი, რომელიც ძაფზე მუშაობს. არანაირი LCD ან LED ტექნოლოგია, მხოლოდ და მხოლოდ ძაფი. ეკრანი ინჟინერიის ნამდვილი ნიმუშია: 200 000 კომპონენტი, 6,7 მილის სიგრძის ძაფი, 6 400 ძაფის გორგოლაჭი, 900 კილო. ეკრანი შედგება 1,7 მეტრის სიგრძის ტექსტილის ლენტებისგან, რომლების დახვეულია გორგოლაჭებზე. თითოეული მათგანი შეიცავს 36 სხვადასხვა ფერს. ეკრანი გამოსახულებას სწორედ მათი საშუალებით ქმნის, პროგრამული უზრუნველყოფა 6 400 გორგოლაჭს მართავს და თითოეულისთვის არჩევს გამოსახულების შესაქმნელად საჭირო ფერს.

თუმცა ეს იდეის მხოლოდ ერთი ნაწილია. ეკრანმა უნდა გაითვალისწინოს თინეიჯერი მომხმარებლის ინტერესებიც და სწორედ აქ გვახსენდება Instagram. თუ სოციალურ ქსელში ატვირთავთ სურათს ჰაშტეგით #F21ThreadScreen, ის ავტომატურად აისახება ძაფის ეკრანზე, გადაიცემა ლაივში f21threadscreen.com-ზე და თქვენი სურათის ასახვის ვიდეო გამოგეგზავნებათ თქვენ. ასე რომ, თქვენც შეგიძლიათ სცადოთ.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები