შეფუთვა მნიშვნელოვანია 03 აგვ. 2015

დღეს ბევრი მარკეტერის მთელი ძალისხმევა მიმართულია სოციალური მედია და ციფრული მარკეტინგისკენ, ბრენდები ცდილობენ ვირუსული კონტენტის შექმნას. ნიშნავს თუ არა ეს ოფლაინ მარკეტინგის აღსასრულს? - არამცდაარამც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი არის შეფუთვა.

Adage-ს კვლევის თანახმად, ადამიანთა 64% ხშირად ყიდულობს პროდუქტს მისი შეფუთვის მიმზიდველობიდან გამომდინარე, ისე რომ მანამდე არც კი იცოდნენ მის შესახებ. ასე რომ, ციფრული ეპოქაშიც კი შეფუთვამ შეიძლება გარდამტეხი გავლენა მოახდინოს გაყიდვებზე.

შეფუთვა და ლოგოს დიზაინი დიდ როლს თამაშობს ჩვენ მიერ ბრენდის აღქმაში. კომპანიის მიერ გამოყენებული ფორმები, ფერები ნაცნობი ხდება ჩვენთვის და მუდმივად ასოცირდება ბრენდთან. შეფუთვა არ არის მხოლოდ ვიზუალური მხარე - დღესდღეისობით მისი ფუნქციონალურობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მაგალითად, კეტჩუპის ბოთლი უნდა იყოს კუმშვადი, სასმელი წყლის ბოთლი კი ხელში დასაჭერად კომფორტული.

ასევე, თანამედროვე ტენდენციის დამახასიათებელია შეფუთვის გამარტივება. თუ წინათ გამოიყენებოდა ფერადი დიზაინი, ტექსტითა და ფერებით დატვირთვა, ამჟამად ბრენდები ცდილობენ მაქსიმალურად მარტივი და "ერთფეროვანი" გახადონ პროდუქტის შეფუთვა. გარდა ამისა, ამჟამად დიდი ყურადღება ექცევა ეკოლოგიის გათვალისწინებას, შეფუთვის პერსონალიზებას (Coca-Cola-ს მაგალითი) და ხელით შესრულებულ ილუსტრაციებს.

საქართველოში პროდუქტის შეფუთვის ცვლილება აქტიურად შეინიშნება სასმელი წყლის სფეროში. ბოლო პერიოდში, ბახმარომ, ბაკურიანმა და საირმემ შეცვალეს ბოთლის დიზაინი. ბახმაროს ბოთლი ზღვისფერი გახდა, ბაკურიანმა მომხმარებლისთვის კომფორტული "I Like It" დიზაინი წარმოგვიდგინა, ხოლო საირმემ ნაკადულის წყალზე მხოლოდ დასახელება "ნაკადული" დატოვა და ქართული შტრიხები შეჰმატა დიზაინს.

post main img

მოწონება/გაზიარება

კომენტარები