ფონტის ძალა 25 აგვ. 2015

ფონტი - რა სიტუაციებში გიფიქრიათ მასზე? ალბათ მაშინ, როცა ვიზუალურ ნამუშევარს აკეთებთ, მოუხდება თუ არა ფონტი დიზაინს, ბრენდს. ან, თუ მოგვთხოვეს დოკუმენტის კონკრეტულ ფონტში დაწერა, მხოლოდ მაშინ გადავრთავთ. არადა, ისე ყველა Sylfaen-ს ვიყენებთ shift + alt - ცხოვრება მარტივია. თუმცა ფონტი იმაზე მეტ გავლენას ახდენს ჩვენს კომუნიკაციის საშუალებებზე, ვიდრე გვგონია.

ფონტის გავლენა აღქმაზე - არსებობს მარტივი და რთული ფონტები. ამ ტექსტს Andale Mono-ში კითხულობთ, ეს მარტივი ფონტია. Comic Sans-რთულია, კიდევ უფრო რთულია ხელნაწერის ეფექტის ფონტები. რაც უფრო რთულდება ფონტი, ჩვენი ტვინი მას უფრო განსხვავებულად აღიქვამს. კვლევები აჩვენებენ, რომ თუ კონკრეტული საგანი ან მოვლენა აღწერილია რთული ფონტით, მკითხველი ამ საგანს/მოვლენას აღიქვამს როგორც უფრო რთულს.

იცით რატომაა რესტორნის მენიუების უმეტესობა რთული ფონტით ნაწერი? ეს შესაძლოა ამ მენიუების ავტორებმაც არ იცოდნენ, თუმცა ნეირომარკეტოლოგებმა იციან. ეფექტს Cognitive Fluency (აღქმის სიმარტივე) ეწოდება. ექსპერიმენტისას, სუშის რესტორნის სტუმრებს უჩვენებდნენ რთული და მარტივი ფონტით დაწერილ მენიუებს და სთხოვდნენ შეეფასებინათ რამდენად დიდ დროს მოითხოვდა თითოეული კერძის დამზადება. მაშინ როცა მარტივი ფონტის შემთხვევაში საშუალო დრო იყო 5,6 წუთი, რთული ფონტის შემთხვევაში საშუალო მაჩვენებელმა 9,3 წუთამდე აიწია. ასე რომ, თუ გაქვთ რესტორანი ჯობია მენიუები ცოტა ჩახლართოთ, ასე მომხმარებელი კერძის მოსამზადებლად უფრო მეტ დროს მოგცემთ. და არამარტო რესტორნების შემთხვევაში, თუ გსურთ რომ მომხმარებელმა თქვენი პროდუქტი აღიქვას როგორც რთული ტექნოლოგიით შექმნილი, გამოიყენეთ მის აღსაწერად რთული ფონტი. თუმცა, ზედმეტი თუ მოგვივა, მას უბრალოდ არ წაიკითხავენ. რთული ფონტის წაკითხვას მეტი ძალისხმევა სჭირდება და ადამიანები ამას თავს არიდებენ.

რთული ფონტის გამოყენებისგან მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ თავი, როდესაც ადამიანებს რაღაცის გაკეთებას ვთხოვთ. თუ მარტივი ფონტითაა ტექსტი შესრულებული, ადამიანები იფიქრებენ, რომ ქმედებას რომელსაც მათგან ითხოვენ ნაკლები ძალისხმევა სჭირდება და უფრო ადვილად დაგვთანხმდებიან.

ფონტი როგორც მეხსიერებაზე გავლენის მოხდენის საშუალება - როგორც აღვნიშნეთ, რთული ფონტის წასაკითხად ადამიანებს მეტი ძალისხმევა სჭირდებათ. ის კი, რაშიც დიდი ძალისხმევა დავხარჯეთ, უფრო კარგად გვამახსოვრდება. ასეა ფონტის შემთხვევაშიც. რთული ფონტებით დაწერილი ინფორმაციას მკითხველი უკეთესად იმახსოვრებს. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ადამიანები რთული ფონტით დაწერილ დიდ ტექსტებს თავს არიდებენ. აქაც არის გამოსავალი. მაგალითად, შეგვიძლია პროდუქტის აღწერა მარტივი ფონტით დავწეროთ, ხოლო მისამართი და ვებ-საიტი რთული ფონტით.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები