უფასო Marketing Automation 07 სექ. 2015

იმეილ მარკეტინგის შესახებ ყველას გვსმენია, თუმცა Marketing Automation სისტემებს ცოტა ქართული კომპანია თუ იყენებს, არადა, განსაკუთრებით B2B ბაზარზე ამ სისტემებს უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. ძირითადი მიზეზი ამ მიმართულებით არასაკმარისი ინფორმაციის და სტრატეგიული ხედვის ნაკლებობაა და რა თქმა უნდა ფასი, მაღალი ფასი. ორივე პრობლემის მეტ-ნაკლებად მოგვარებას შევეცდებით ამ სტატიაში.

რა არის Marketing Automation? ინტერნეტ მარკეტინგის განვითარებასთან ერთად ჯერ permission marketing-ის კონცეფცია გახდა დიდი ყურადღების საგანი. შემდეგ კი კონტენტ მარკეტინგის და დღეს უკვე inbound მარკეტინგის კონცეფციებია თანამედროვე ინტერნეტ მარკეტინგის განუყოფელი ნაწილი. ყველა მათგანს ერთი საერთო აერთიანებთ, ესაა სწორად შერჩეულ აუდიტორიასთან ინდივიდუალიზებული გზავნილებით ურთიერთობა. ამ ურთიერთობის გაზომვა შესაძლებელი უნდა იყოს და მასზე მარკეტერს კონტროლის საშუალება უნდა ჰქონდეს.

მაგალითად, ჩვენი კონტენტის წყალობით ვხდებით ვიზიტორებისთვის საინტერესო. ისინიც, თავის მხრივ, იწერენ ჩვენს სიახლეებს. შესაძლებელია, გამოსაწერი ფორმა შედგებოდეს მხოლოდ მეილისგან ან სხვა დამატებითი ინფორმაციაც მოვითხოვოთ, რაც აუდიტორიის უკეთესი სეგმენტაციის საშუალებას მოგვცემს. შემდეგ უკვე ჩვენი Marketing Automation-ის სისტემა იწყებს მუშაობას. ის ავტომატურად აგზავნის მეილს, რომელიც ადრესატის მახასიათებლებზეა მორგებული. მეილში შეიძლება იყოს ბმული, რომელიც ადრესატს რაიმე შეთავაზების გვერდზე გადაიყვანს. მაგალითად, თუ Hubspot-ის ბლოგიდან გადმოწერეთ inbound მარკეტინგის წიგნი და შესავსებ ფორმაში მიუთითეთ თქვენი კომპანიის მახასიათებლები, Hubspot გამოგიგზავნით მეილს თქვენზე მორგებული შემოთავაზებით. თუ ამ მეილს გახსნით, ან ბმულზე გადახვალთ, ან ამ პროცესს გაიმეორებთ რამდენიმეჯერ, ეს Hubspot-ს უჩვენებს, რომ თქვენ დაინტერესდით და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხართ. ისინი მომდევნო მეილებით ამ გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებიან. დიახ, Market Automation სისტემით თქვენ მთელ პროცესს აკვირდებით მთავარი პანელიდან, ნახავთ ვინ გახსნა მეილი, ვინ დააკლიკა ბმულს, ბმულზე დაკლიკვის შემდეგ რა გვერდები ნახეს საიტზე და ა.შ. შემდეგ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაუგზავნით მორიგ მეილებს. ახლა შეადარეთ ეს სისტემა ბრმად მეილების გზავნას. განსხვავება ეფექტურობაში შთამბეჭდავია.

იმისათვის რომ სისტემა ეფექტური იყოს, აუცილებელია სწორი სტრატეგია და იმპლემენტაცია. მათ გარეშე ათასობით დოლარის გადახდა საუკეთესო სისტემაშიც არაფრის მომტანი იქნება. რაც შეეხება ბაზარზე არსებულ პლათფორმებს, ყველაზე პოპულარულია Infusion Soft, Marketo, Hubspot, Teradata და სხვები. თითოეული მათგანი კონკრეტული მიმართულებითაა ძლიერი. ზოგს ინტეგრირებული აქვს სოციალური მედია მარკეტინგი, ზოგს CRM, ზოგიც მთელს inbound მარკეტინგს მოიცავს, როგორც მაგალითად Hubspot. თუმცა ერთი პრობლემაა, ყველა მათგანი საშუალო და მცირე ზომის კომპანიებისთვის საკმაოდ ძვირია. მაგალითად, Marketo თვეში $800-დან იწყება.

თუმცა არის გამოსავალიც. თუ თქვენი კომპანია საშუალო ან პატარა ზომისაა, ან უბრალოდ გინდათ დატესტოთ თუ როგორ მოუხდება სისტემა თქვენს ბიზნესს და არ გინდათ თავიდანვე ამხელა ინვესტიციის ჩადება, არსებობს გამოსავალი! ეს უფასო Marketing Automation-ის პლატფორმები ყველა ძირითად სარგებელს გთავაზობენ და თუ არც ბევრი კონტაქტი გყავთ ბაზაში, ისინი სრულიად საკმარისია თქვენთვის. მათი გამოყენების ინსტრუქციის გაცნობას კი სულ რამდენიმე საათში შეძლებთ. შემდეგ კი მთავარია ჩამოაყალიბოთ სტრატეგია, თუ როგორ გამოიყენოთ ეს ახალი შესაძლებლობა თქვენს საქმიანობაში.

1. Leadsius - შვედური პლატფორმა საშუალო და მცირე ზომის კომპანიებისთვის. ძირითადად ფოკუსირებულია იმეილ მარკეტინგზე, აქვს ასევე ვებ ანალიტიქსის ფუნქციაც, ქმნის html მეილებს და ლენდინგ ფეიჯებს. ინტერფეისი არის ძალიან მარტივი და ეფექტური. შეგიძლიათ გააგზავნოთ შეუზღუდავი რაოდენობის მეილები 2500-მდე კონტაქტთან.

2. Sales Autopilot - დაბალფასიანი პლატფორმა მცირე ზომის კომპანიებისთვის. აქვს ასევე CRM-ის და ERP-ის ინტეგრაცია, e-commerce, A/B ტესტირება, გამოკითხვის ჩატარების ფუნქცია და სხვა. უფასო ვერსია მეილების რაოდენობას ზღუდავს 400-მდე. ყოველი მომდევნო 1000 მეილის ფასი $12.

3. Pincore - open source პლატფორმა, რომლის თქვენს მიზნებზე მორგებაა შესაძლებელი, თანაც უფასოდ. თუმცა IT-ის რაღაც დონეზე ცოდნა დაგჭირდებათ. ამ პლატფორმის ძლიერი მხარე კონტენტ მარკეტინგია.

მოკლედ, Marketing Automation შესაძლოა ზუსტად ისაა, რაც თქვენ გჭირდებოდათ თქვენი ბიზნესისთვის. მას შემდეგ, რაც უკვე გაქვთ უფასო ბაზისური ვერსია, მხოლოდ სტრატეგიული ხედვა, კრეატივი და ხარისხიანი იმპლემენტაცია გჭირდებათ სასურველი შედეგების მისაღებად.

 

 

 

 

 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები