საცალო ვაჭრობის მომავალი 06 აპრ. 2016

 

   საცალო ვაჭრობაში აქამდე და დღემდეც შოპინგს განიხილავენ  სამსაფეხურიან სამომხმარებლო მოდელად : მომხმარებელს უჩნდება საჭიროება, ის მიმართავს შოპინგს ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, ის იყენებს შეძენილ პროდუქტს. შოპინგი არის ამ მოდელის ცენტრალური კომპონენტი. კლასიკურად მიიჩნევა, რომ ყიდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი ფორმირდება სავაჭრო ობიექტში ყოფნისას. ამიტომაც, ბრენდები აქტიურად მიმართავენ სხვადასხვა აქციებსა და შემოთავაზებებს, რათა გავლენა იქონიონ მომხმარებელთა გადაწყვეტილებაზე. 

ციფრულ რეალობაში უკვე აღარ არსებობს განსაზღვრული ზღვარი, თუ როდის იწყება შოპინგის ეტაპი. მომხმარებლები ხშირად პირველი შთაბეჭდილებით იძენენ ინტერნეტში იმას, რაც მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ასე რომ, ამ ეტაპზე მაღაზიები კარგავენ კონტროლის მექანიზმს. თანამედროვე საცალო ვაჭრობას ახასიათებს შემდეგი ტენდენცია:

მყისიერი შესყიდვა - დღეს მომხმარებლების მზარდი რაოდენობა მყისიერად ახორციელებს ტრანზაქციას მაშინათვე, როცა მოთხოვნა წარმოიქმნება. გაგიფუჭდა  თმის საშრობი? შედიხარ და მყისიერად ყიდულობ რომელიმე ონლაინ მაღაზიაში ისე, რომ არც კი გადადიხარ ბრენდის ვებ-გვერდზე.  Amazon.com-ის თვალიერებისას თუ მოგეწონა სპორტული ფეხსაცმელი, შეგიძლია იქვე შეისყიდო. ეს ყველაფერი უმარტივებს ცხოვრებას მომხმარებლებს, მაგრამ ნამდვილად ურთულებს საცალო ვაჭრობის მაღაზიებს. 

ავტომატიზებული შესყიდვა - შესყიდვების ავტომატიზება ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. მაგალითისთვის, Amazon's Dash . თუ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პროდუქტების შეძენა სურს მომხმარებელს, მოწყობილობა სკანერის ან სპიკერის მეშვეობით ავტომატურად აკეთებს შეკვეთას. ასევე, Whirlpool-ის ბოლო თაობის სარეცხი მანქანები, მოხმარებული რაოდენობის ანალიზის საფუძველზე, ავტომატურად უკვეთავენ წინასწარ განსაზღვრული ოდენობის სარეც ფხვნილს.

გამოწერაზე დაფუძნებული შესყიდვა - გამოწერაზე დაფუძნებული პლატფორმების მზარდი პოპულარობა პრობლემებს უქმნის მაღაზიებს. მელომანებისთვის არსებობს spotify, ვიდეოებისთვის - Netflix  და ა.შ. მსგავსი სერვისი თითქმის ყველა სეგმენტში არსებობს. გამოწერაზე დაფუძნებული შესყიდვების ერთ-ერთი კომფორტული ვარიანტი არის ასევე პერიოდული ავტომატური გამოწერა. 

ზემოთხსენებული გარემოებები იწვევს იმას, რომ შოპინგი აღარ არის ფიქსირებულ ადგილსა და დროზე განხორციელებული შესყიდვა, გადახდა ხორციელდება ელექტრონულად და ნებისმიერ დროს. შესაბამისად, საცალო ვაჭრობის მაღაზიებს უკვე არ აქვთ ის ძალაუფლება, რაც ჰქონდათ შესყიდვის განხორციელების დროს გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების კუთხით (ფასდაკლებები, შემოთავაზებები, კონსულტანტის მიერ დამატებითი ინფორმაციის მყისიერი მიწოდება).  შესაბამისად, ტრადიციულ მაღაზიებს მოუწევთ ციფრული ეკონომიკის რეალობის გათვალისწინება. 

მომზადებულია ვერნერ რეინარცის  სტატიების მიხედვით. 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები