ტრამპი და მაკედონიური მედია 09 ნოე. 2016

ერთწლიანაი პაუზის შემდეგ მაინდერი აქტიურ ვებს დავუბრუნეთ. როგორც ადრე, აქ ისევ შეგეძლებათ წაიკითხოთ მარკეტინგული სიახლეები, რომლებიც, იმედი გვაქვს, თქვენი შთაგონების წყარო გახდება და საქმეშიც წაგადგებათ.

ახლა, რაც შეეხება ტრამპს - დღეს ყველა ტრამპზე წერს, ჩვენც არ შეგვეძლო გვერდი აგვევლო ამ თემისთვის. ერთ-ორ სტატიას არც ჩვენ დავაკლებთ, მითუმეტეს, რომ საქმე ძალიან საინტერესო მარკეტინგულ ქეისთან გვაქვს. ბევრი წერს რამ გამოიწვია მისი ასეთი მოულოდნელი გამარჯვება; ზოგი სლოგანს აბრალებს (Make America Great Again), ზოგი მის შოუმენობას, ზუსტ თარგეთინგს, ტვიტერს, სწორ მესიჯებს და ა.შ. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ თურმე მაკედონიურ მედიასაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ტრამპის გაპრეზიდენტებაში. არ მოგესმათ, დიახ, მაკედონიურ მედიას!

მაკედონია ღარიბი ქვეყანაა, ჩვენსავით. ქალაქ ველეშს 45 ათასი მაცხოვრებლით ჩვენებურ ხაშურს თუ შევადარებთ. ასე რომ, თუ ამ სტატიას ხაშურელი თინეიჯერი კითხულობს, იქნებ ინსპირაციაც მიიღოს. მოკლედ, რამდენიმე ადგილობრივმა თინეიჯერმა გადაწყვიტა ფულის შოვნა, იფიქრეს, იფიქრეს და გადაწყვიტეს ბედი მედია ბიზნესში ეცადათ. გახსნეს 140-მდე ვებ-საიტი ამერიკული სახელებით conservativestate.com ; usadailypolitics.com ; worldpoliticus.com და სხვა მრავალი.

შემდეგ იფიქრეს რა ტიპის სტატიები მოიზიდავდა მკითხველს. სცადეს რამდენიმე თემა, მაგრამ ბოლოს ტრამპზე შეჩერდნენ. აღმოჩნდა რომ ტრამპის გულშემატკივრები ძალიან განიცდიდნენ აშშ-ს და მსოფლიო მედია გიგანტების მხრიდან თავიანთი ფავორიტის ჩაგვრას, ყველა დონალდს ლანძღავდა. მათ ჭირდებოდათ ალტერნატიული მედია, რომელსაც ფეისბუქზე გააზიარებდნენ და ეტყოდნენ თავიანთ ნაცნობებს "აჰა, აი თქვენი ჰილარი". როგორც ცნობილია ადამიანები ყველაზე ხშირად აზიარებენ იმ კონტენტს რაც ძლიერ ემოციას იწვევს მათში, ბრაზი კი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ემოციაა. ძლიერი ემოციაა გამარჯვების შეგრძნებაც. წარმოიდგინეთ ხართ ტრამპის მხარდამჭერი და ხედავთ სტატიას სადაც იმ საშინელ ქალს "სამართლიანად" ლანძღავენ. გაბრაზდით, ასეთი "საშინელი" არსება როგორ უნდა გახდეს ჩვენი პრეზიდენტი, მერე გაიფიქრეთ "აჰა, ხო ვამბობდი" და წავიდა ფეისბუქზე პოსტვები.

სქემამ იმდენად კარგად იმუშავა, რომ მედია გიგანტებსაც არ უდებდა მაკედონიური საიტები ტოლს. აკოპირებდნენ სტატიებს, იგონებდნენ, ცვლიდნენ შინაარსს, უკეთებდნენ სკანდალურ სათაურებს და უშვებდნენ ფეისბუქზე. მაგალითად, სტატიამ, სადაც ყვებოდნენ თუ როგორ უთქვამს ჰილარის 2013 წელს, რომ ტრამპი კარგი პრეზიდენტი იქნებოდა, 480 ათასი გაზიარება, მოწონება და კომენტარი მიიღო. ამავე პერიოდში new york times-ის ექსკლუზივი, თუ როგორ შემცირდა ტრამპის ქონება $916 მილიონით, მხოლოდ 175 ათას ინტერაქციას დაჯერდა. ესაა ცხოვრება, შენი სიმართლე არავის არ უნდა.

ადვილი წარმოსადგენია თუნდაც მხოლოდ ამ ერთ სტატიას რამდენი ადამიანი წაიკითხავდა და რამდენი დაკლიკავდა გუგლის ედსენსის ბანერებზე. ამერიკელი მკითხველის (და არამარტო ამერიკელი) ემოციებზე თამაშით კლიკებთან ერთად სოლიდური თანხები მაკედონიელი თინეიჯერების ჯიბეში მიდის, ქვეყნის ეკონომიკასაც უჭერენ მხარს, მაკედონიურ დინარს ამყარებენ. თანაც, ტრამპიც არ დაუვიწყებს სიკეთეს. მართალია, გაჭირვებაში  ნიუ იორკ თაიმსი, ბლუმბერგი, ვაშინგტონ პოსტი და თითქმის ყველა მედია გიგანტი გადაუდგა, მაგრამ რამდენიმე მაკედონიელმა თინეიჯერმა ბოლო წუთამდე არ "მიატოვა".  

ვუშველოთ ლარს, სადაა ხაშურის ახალგაზრდობა?

მოწონება/გაზიარება

კომენტარები