WebSummit 2016 - მომავალი (ნაწილი I) 10 ნოე. 2016

Web Summit არის ყოველწლიური წამყვანი ტექნოლოგიური კონფერენცია, რომელიც წელს ლისაბონში ჩატარდა. წელს კონფერენციას 500 სპიკერი და 166 ქვეყნიდან 53 000 მონაწილე ჰყავდა. Web Summit 7-10 ნოემბრის განმავლობაში ტარდებოდა და მოიცავდა: სტარტაფების გამოფენას, pitching-ს, ცენტრალური სპიკერების სცენას და პარალელურად 21 თემატურ კონფერენციას.

უნდა ითქვას, რომ წელს სამიტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა თავისი კონტენტის მრავალფეროვნებითა და " მომავლიდან მოსული" სპიკერებით. მაშ ასე, წარმოგიდგენთ თუ რას უნდა ველოდეთ შემდეგ 5 წელიწადში:

თვითმავალი მანქანები 

Tesla, Google და "კლასიკური" ბრენდები უკვე მუშაობენ ამ მიმართულებით. Renault-Nissan-მა გუშინწინ დატესტა თავისი  თვითმავალი მანქანა იაპონიაში, გუგლის მანქანები კი უკვე დადიან პალო ალტოს ქუჩებზე. BMW-ს თვითმავალი მანქანების განვითარების ხელმძღვანელმა ვებ სამიტზე  გააჟღერა, რომ BMW-ს თავისი თავისთვის დედლაინი აქვს დაწესებული - 2021  წელს სრულიად დამოუკიდებლად ივლიან მანქანები. განვითარების ფაზა ხუთ ეტაპს მოიცავს, ბოლო ეტაპზე კი მანქანები საერთოდ მგზავრის გარეშეც ივლიან. სკეპტიკოსების აზრით, ტექნოლოგია ამ ეტაპისთვის მართლა მიაღწევს დასახულ მიზნებს, თუმცა ამერიკისა და ევროკავშირის კანონმდებლობა ასე მალე ვერ შეიცვლება. 

Hyperloop

Hyperloop  არის მილის მსგავსი გადაადგილების საშუალება, რომლითაც მგზავრს შეუძლია 1200 კმ/სთ სიჩქარით იმოგზაუროს. იდეა ელონ მასკს ეკუთვნის, თუმცა მასკმა იდეა გაასაჯაროვა და ყველას მოუწოდა ამაზე ემუშავათ. ამჟამად კომპანია Hyperloop One ავითარებს პირველ ხაზს, რომელიც აბუ-დაბისა და დუბაის დააკავშირებს ერთმანეთთან. მგზავრობას 12 წუთი დასჭირდება, როცა ეხლა მგზავრობის დრო 1.5 საათია. როგორც Hyperloop One-ის დამფუძნებელმა ვებ სამიტზე განგვიცხადა, ეს ხაზი 2020 წლისთვის ამოქმედდება და  გულისრევის შეგრძნებისგან სრულ დაცვას დაგვპირდა. Hyperloop არ არის მხოლოდ მილები, არამედ მთელი სისტემა, რომელიც ასევე მოიცავს თვითმოძრავ მანქანებს, მგზავრების Hyperloop-ამდე და მის შემდეგ გადასაადგილებლად. 

 

 Saas Bots

 ვებ სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცა Saas (მომსახურების მიმწოდებელი პროგრამები) სტარტაფებს. ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, მალე პროგრამები მთლიანად დაიპყრობენ მომსახურების სფეროს. პირველ რიგში, ეს ეხება ქოლ ცენტრებს. თუ კომპანიის პროდუქტზე რამე ინფორმაცია გაინტერესებთ, ამჟამად პასუხებს ონლაინ ჩატში კომპანიის თანამშრომელი გცემთ, რომელსაც მალე ბოტები ჩაანაცვლებენ. ისინი სწავლობენ უზარმაზარ ინფორმაციას კომპანიის შესახებ, ამუშავებენ და დასმული კითხვის შესაბამისად აქვთ უნარი რელევანტური პასუხი გაგცენ.

 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები