არის თუ არა Facebook დისკრიმინატორი? 13 ნოე. 2016

მარკეტინგული ეთიკა საკმაოდ რთული თემაა, სადაც ყოველთვის არსებობს ერთზე მეტი "სწორი" აზრი, გააჩნია რომელი მხრიდან შევხედავთ. ხან ვერც კი წარმოიდგენ ერთი შეხედვით უვნებელ ნაბიჯს რამხელა უარყოფითი გამოხმაურება შეიძლება მოჰყვეს. ასეთი ფაქტი სულ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქსაც შეემთხვა. წარმოიდგინეთ, ყველაზე ლიბერალურ სოციალურ ქსელს რასისტობა დაწამეს.

საქმე ეხება თარგეთინგს. მარკეტერები თარგეთინგს, მიზნობრივ ჯგუფზე მესიჯების გათვლას ვეძახით. ეკონომისტები უფრო დისკრიმინაციას ეძახიან, კარგი გაგებით. მაგალითად, იდეალური ფასისმიერი დისკრიმინაცია გულისხმობს ყველა მომხმარებლისთვის პროდუქტის ზუსტად იმ ფასად მიყიდვას რა ზღვრული სარგებლის მიღებასაც ელიან მისგან, ზღვრული ხარჯი ტოლია ზღვრული სარგებლის. ორივე შემთხვევაში, არც მარკეტერები, არც ეკონომისტები და არც ბიზნესის სხვა სფეროების წარმომადგენლები არ თვლიან რომ ეს არაეთიკურია. რატომ უნდა ვხარჯო ფული რეკლამაზე იმ ჯგუფზე, რომელიც ჩემთვის მომგებიანი არ არის? ამით დავზოგავ რესურსებს, პროდუქტის თვითღირებულებაც დაეცემა, მომხმარებელიც ბედნიერია და ბიზნესიც. ფასის დისკრიმინაციაც იგივე შედეგს გვაძლევს; თუ ვიღაცას შეუძლია გადაიხადოს 10 ლარი, ვიღაცას 5, მე კი პროდუქტის გაყიდვა 7 ლარად მიღირს, თუ დისკრიმინაციას განვახორციელებ, ის 10 ლარიანი კლიენტიც ბედნიერი იქნება, რადგან ამ ფასად უღირს ყიდვა, ხოლო 5 ლარიანიც შეძლებს პროდუქტის ყიდვას, რასაც დისკრიმინაციის არ არსებობს შემთხვევაში ვერ შეძლებდა, ისიც ბედნიერია. ბიზნესიც ბედნიერია, საშუალოდ თავისი 7 ლარი მიიღო ერთ ერთეულზე. ასე ვუყურებთ ბიზნესის გადმოსახედიდან, ერთი შეხედვით არანაირი ეთიკური დილემა არ არის, ყველა ხომ ბედნიერი გამოვიდა.

სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ასე არ ფიქრობს ბევრი. რამდენიმე დღის წინ Propublica-მ, საიტმა რომელიც თავის თავს უწოდებს საზოგადოების ინტერესებისთვის მებრძოლს, Facebook რასობრივ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. საქმე ეხება ფეისბუქის რეკლამის თარგეთირების დემოგრაფიულ განყოფილებას. აქ აშშ-ს მარკეტერებს საშუალება ჰქონდათ რეკლამა გაეთვალათ ან პირიქით, რეკლამის აუდიტორიიდან ამოეღოთ ესპანური, აზიური და აფრიკული წარმოშობის ამერიკელები. როგორც ზემოთ ვთქვით, ერთი შეხედვით რა პრობლემაა? არ მიაჩნია ბიზნესს ესა თუ ის ჯგუფი თავის მიზნობრივ აუდოტორიად და უბრალოდ რეკლამას არ უჩვენებს, ზედმეტ ფულს არ ხარჯავს. მაგრამ პროპუბლიკამ ეს დისკრიმინაციად მონათლა. ფეისბუქიც საკითხის გამწვავებას მოერიდა და განცხადება გაავრცელა, ცვლილებებიც მოაყოლა.

ცვლილებები: ფეისბუქი მუშაობს ზომებზე, რათა ეთნიკური დისკრიმინაციული ხასიათის რეკლამები ავტომატურად დაბლოკოს. ასევე, განაახლებს ქსელის სარეკლამო პოლიტიკის დოკუმენტს (რომელსაც არავინ არ კითხულობს), რათა მარკეტერები გაგვანათლონ, თუ რა არის დისკრმინაციული და რა არა.  და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ეთნიკური თარგეთინგის სექცია ამიერიდან დემოგრაფიული განყოფილების ნაცვლად, ქცევის განყოფილებაში იქნება :) .

მოწონება/გაზიარება

კომენტარები