პროდუქტი როგორც ჩვევა 08 იან. 2017

რა აიძულებს ადამიანებს მიეჯაჭვონ პროდუქტს? და არის თუ არა ასეთი პროდუქტის შექმნა შესაძლებელი? თუ უბრალოდ, ზოგს უმართლებს? წარმოიდგინეთ, გქონდეთ ფორმულა, როგორ შექმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც ნარკოტიკივით იქნება, ურომლისოდაც ვერ გაძლებენ. მაგალითად, ისეთი როგორც Facebook. Nir Eyal თავის ცნობილ ბესთსელერში Hooked: How to Build Habit-Forming Products  სწორედ ასეთ ფორმულას გვთავაზობს.

სქემა ერთი შეხედვით მარტივია, ადამიანის მარტივ ფსიქოლოგიურ პრინციპებს ეყრდნობა; პროცესი. რაც განაპირობებს ადამიანის პროდუქტზე მიჯაჭვას და ჩვევად ქცევას, ოთხი ნაბიჯისგან შედგება: Trigger , Action, Wariable Award, Investment.

თუმცა არის კიდევ ერთი ფაქტორი. არსებობს ჩვევის ზონა (Habit Zone). იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი ხვდება ამ ზონაში, მაშინ ამ ოთხი ნაბიჯის კარგად გავლის შემდეგ, მას აქვს პოტენციალი გახდეს ადამიანების ჩვევა. ჩვევის ზონაში მოსახვედრად პროდუქტს ადამიანები უნდა იყენებდნენ საკმარისად დიდი სიხშირით და მისგან უნდა იღებდნენ საკმარისად დიდ სარგებელს. ვიზუალიზაცია შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ დიაგრამაზე.

თუ პროდუქტი ხვდება ჩვევის ზონაში, მაშინ შეიძლება პირველი ნაბიჯი გადავდგათ.

Trigger (პროვოცირება)- პირველი ნაბიჯია ადამიანებს ვუბიძგოთ ჩვენი პროდუქტის გამოყენებისკენ. არსებობს ორი სახის თრიგერი , შიდა და გარე. თავიდან პროვოცირების გარე მეთოდების გამოყენება მოგვიწევს. ესაა სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო აქტივობები. მაგალითად, კომპანიის აპლიკაციის აიქონი ჩვენი სმარტფონის ეკრანზე იქნება ძალიან ეფექტური თრიგერი. ეკრანზე ყოველი დახედვისას ჩვენს პროდუქტს გავახსენებთ მომხმარებელს.

შიდა თრიგერი უფრო რთული მექანიზმია. წიგნში ავტორი მას ადარებს ფხანის სურვილს :) მაგალითად, როცა ცხვირი გექავებათ და ამ დროს სტილისტთან ზიხართ და ხელის ცხვირთან მიტანაში გადასაფარებელი გიშლით ხელს. გაგახსენდათ ეს გრძნობა? თუ მივაგნებთ რომელიმე შიდა მამოტივირებელ ფაქტორს და მის დასაკმაყოფილებლად შევქმნით ჩვენს პროდუქტს, ყოველ ჯერზე როდესაც ეს ფაქტორი გააქტიურდება "მოფხანის" საშუალება იქნება ჩვენი პროდუქტი. ეს იქნება უდიდესი ნაბიჯი პროდუქტის ჩვევად ქცევისთვის. მაგალითად, შიდა მამომიტივებელი ფაქტორი "სოციალიზაციის სურვილი" იწვევს ჩვენს მიჯაჭვას Facebook-ზე.

Action (მოქმედება) - პროვოცირებას უნდა მოსდევდეს მოქმედება. იმისათვის რომ პროდუქტი იქცეს ჩვევად, მისი გამოყენება უნდა იყოს მარტივი და მისი გამოყენების მოტივაცია უნდა იყოს საკმარისად დიდი. ამ ორი ფაქტორით შეგვიძლია ავაგოთ ისეთივე დიაგრამა, როგორც ჩვევის შემთხვევაში. პროდუქტის დიზაინისას უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება გავამარტივოდ მისი გამოყენება. ჩვევად მარტივი მოქმედებები ყალიბდება და არა რთული და კომპლექსური.

Wariable Award (ცვლადი ჯილდო) - მას შემდეგ რაც მომხმარებელი გამოიყენებს პროდუქტს, ის ელოდება სარგებელს, ჯილდოს გაწეული ქმედებისთვის. ადამიანებს ბეზრდებათ ერთფეროვნება. ამიტომაც ჯილდო უნდა იყოს მრავალფეროვანი. როდესაც შევდივართ ფეისბუქზე, არასდროს არ ვიცით რა დაგხვდება ნიუსფიდში. სწორედ ეს აღაგზნებს ჩვენს შიდა მამოტივირებელ ძალებს - ინტერესი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოტივირებელი ფაქტორია.

Investment  (ინვესტიცია) - იმისათვის რომ მომხმარებელი მივაჯაჭვოთ პროდუქტს, ინვესტიცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ადამიანებს უნდათ იყვნენ თანმიმდევრულები, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა აღიარონ, რომ მათი წინა ქმედებები იყო შეცდომა. ეს კი არავის არ უყვარს. ყოველი მომდევნო ქმედებით ვცდილობთ წინა ქმედების რაციონალურობის დამტკიცებას. თუ ვუბიძგებთ მომხმარებელს ჩვეს პროდუქტზე გაწიოს ძალისხმევა, მას უფრო დიდ მიზეზს მივცემთ დაგვიბრუნდეს, ვიდრე აღნიშნული ძალისხმევის გარეშე ექნებოდა. წარმოიდგინეთ, როდისაა ფეისბუქის ექაუნთის გაუქმება ადვილი, მაშინ როცა ათასობით საათი უკვე დავახარჯეთ ქსელს, თუ როცა სულ რამდენიმე დღის დარეგისტრირებულები ვართ.

 

ჩამოთვლილი ნაბიჯებიდან თითოეულს კიდევ ცალკე ნიუანსები აქვს, რის გასაცნობადაც ან მომდევნო პოსტებს უნდა დაელოდოთ, ან წიგნი წაიკითხოთ :) .

 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები