ვებ-საიტის დიზაინის დაგეგმვა 16 იან. 2017

კომპანიის ვებ-საიტის დიზაინს სამწუხაროდ ბევრი მარკეტერი საკმაოდ ზერელედ უდგება და მთლიანად ვებ-დიზაინის დაქირავებულ კომპანიას ანდობს. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგადაა, ახალი, ვიზუალურად მიმზიდველი საიტი, მარკეტინგის ხალხიც ბედნიერია და კომპანიის ტოპ-მენეჯმენტიც. თუმცა როდესაც უკვე რეალურ გარემოში ეშვება საიტი, დროთა განმავლობაში პრობლემებიც ხილული ხდება. ან არ ხდება, თუ არც არავინ ადევნებს თვალს საიტის ანალიტიკს და ვიზიტორების გამოკითხვასაც არავინ აწარმოებს. ასეთი ერთი შეხედვით მცირე პრობლემები შესაძლოა ბიზნესის  საკმაოდ დიდ დაკარგულ შემოსავალში აისახოს.

ერთი მარტივი მაგალითი, როგორ ვუდგებით ხშირად მარკეტერები ამ საკითხს. მოკლედ, ვებ-დიზაინის კომპანიამ შეგვიქმნა საიტი, მოგვწონს, ვართ აღფრთოვანებული და ვაჩვენებთ კომპანიის დირექტორს ჩვენს "შედევრს". იმასაც მოსწონს, თუმცა მოულოდნელად გვისვამს კითხვას "სად არის პროდუქტები?". გავოცდით, არ შევიმჩნიეთ, გავიფიქრეთ "ეს ხომ აზრზე არ არის, რა ხალხთან ვმუშაობ", და შემდეგ ავუხსენით, რომ უნდა ჩამოსქროლოს ქვემოთ და პროდუქტებიც გამოჩნდება. თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ სწორედ აქაა მთავარი პრობლემა. წარმოიდგინეთ რამდენი "დირექტორი" ესტუმრება საიტს და რამდენი ვერ იპოვის პროდუქტს. დიზაინში მსგავსი ხარვეზები დაკარგულ პოტენციურ შემოსავალში აისახება.

კარგად დაგეგმილი საიტი ჩვენს შემოსავალს მნიშვნელოვნად გაზრდის. მაგალითად, მას შემდეგ რაც დავამატეთ საიტზე ლურჯი, გამოკვეთილი ლიდ ღილაკი "ბინაზე გამოძახება" მხოლოდ ამ ერთმა ღილაკმა დამატებით მნიშვნელოვანი შემოსავალი მოგვცა. თითქოს არაფერი, ერთი ღილაკია, მაგრამ ეს ღილაკი გამოძახების მოქმედებას უმარტივებდა ვიზიტორებს. მათ არ ჭირდებოდათ დარეკვა, ლოდინი, კარნახი ტელეფონზე - უბრალოდ ავსებდნენ რამდენიმე ველს. თუ მათი მოტივაცია საკმარისად დაბალი იქნებოდა ისინი არასდროს დარეკავდნენ ტელეფონზე. მაგრამ ამ დონის მოტივაცია ფორმის შესავსებად საკმარისი იყო. შემდეგ ეტაპზე საქმეში ერთვებოდა გაყიდვების პერსონალი, რომელიც უკვე ბინაზე სტუმრობდა პოტენციურ კლიენტს. აქ უკვე ნახევარი საქმე გაკეთებულია, შესყიდვის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

კიდევ ერთი მაგალითი. ცნობილი ფასდაკლებების კომპანიამ groupon-მა თავისი გერმანული საიტის მოდიფიცირება გადაწყვიტა ნეირომარკეტინგის გამოყენებით. EyeQuant-ის საშუალებით გააკეთეს საიტის ანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ ვიზიტორები ძირითად ყურადღებას აქცევდნენ სურათს და ლოგოს და არა ტექსტს, სადაც ეწერა თუ რატომ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ საიტზე, აქვე იყო რეგისტრაციის ფორმაც. მოდიფიკაციების შემდეგ მიაღწიეს იმას, რომ ვიზიტორების ფოკუსი უკვე სარეგისტრაციო ველებზე ხდებოდა. ამან განაპირობა რეგისტირებული მომხმარებლების 50%-ით გაზრდა, რაც მილიონობით დამატებით შემოსავალს ნიშნავდა კომპანიისთვის.

ასე რომ, როდესაც საიტის დაგეგმვას დაიწებთ ამ ეტაპების გავლა ცუდი იდეა ნამდვილად არ იქნება:

  1. მისია და მიზანი - რისთვის ვქმნით საიტს და რას ველით მისგან.
  2. მიზნობრივი აუდიტორია - ვინ იქნებიან ვიზიტორები? დავყოთ ისინი სეგმენტებად (სქესი, ასაკი, ეროვნება, რომელ მოწყობილობას იყენებენ ყველაზე ხშირად ინტერნეტში და ა.შ.). ასევე, შევაფასოთ მათი უნარები ვებში. შესაძლოა ჩვენი შთამბეჭდავი დიზაინი მათთვის ძალიან რთული იყოს, ან პირიქით, ამ რთული და მიმზიდველი დიზაინით მათზე შთაბეჭდილება მოვახდინოთ. ამიტომ აუცილებელია მიზნობრივი სეგმენტების სწორად განსაზღვრა.
  3. ძირითადი ფუნქციები - რა უნდა ქნას საიტმა? აქ ძალიან გადატვირთვაც არ გამოგადგებათ, თუმცა არც ისეთი დეტალები არ უნდა გამოგრჩეთ, როგორც ზემოთ ხსენებული ლურჯი ღილაკი.
  4. დიზაინის დატესტვა - თუ კვლევისთვის რესურსები არ გვაქვს, თანამშრომლებში და მეგობრებშიც შეიძლება დიზაინის დატესტვა. მარკეტერი და ვებ-დეველოპერი ობიექტური შემფასებელი ვერ იქნება თავისი ქმნილების, ამიტომ მესამე მხარის აზრი აუცილებელია.

 

მოწონება/გაზიარება

ტეგები

,

კომენტარები