წლის 5 საუკეთესო საშობაო რეკლამა 29 დეკ. 2014

2014 წელი ნამდვილად გამორჩეული იყო საშობაო რეკლამებით და ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე საუკეთესოს, რომლებიც აუცილებლად დაგაყენებთ სადღესასწაულო განწყობაზე:

1) სუპერმარკეტების ქსელ Sainsbury-ის რეკლამა ასახავს პირველი მსოფლიო ომის დროინდელ საშობაო სიუჟეტს. ერთმანეთთან მებრძოლი მხარეები ერთი დღით წყვეტენ ომს, თოფები ერთი დღით ჩუმდებიან, მტრები ერთმანეთთან საჩუქრებს ცვლიან და ფეხბურთს თამაშობენ. რეკლამის დევიზია " შობა არის გაზიარებისთვის".

2) სილამაზისა და კანის მოვლის საშუალებების მწარმოებელმა Boots-მა საშობაოდ აირჩია გზავნილი "რადგანაც ის განსაკუთრებულია". სიუჟეტი მოგვითხრობს მედდაზე, რომელიც შობის ღამეს გვიანობამდე მუშაობდა საავადმყოფოში და შინ დაღლილი ბრუნდება. ის აღმოაჩენს, რომ ოჯახის წევრები სპეციალურად შეიკრიბნენ მისთვის სიურპრიზის გასაკეთებლად. რა სჯობს ოჯახთან ერთად დღესასწაულს?!

3) Marks&Spencer საშობაოდ მაგიურ ზღაპარში გაგაქროლებთ, სადაც ორი კეთილი ფერია კეთილ საქმეებს სჩადიან: ბავშვებს ელექტრონულ მოწყობილობებს გამოურთავენ და გუნდაობას აიძულებენ, დაკარგულ კატას იპოვიან, წყვილს ერთმანეთთან შეახვედრებენ და ეს ყველაფერი არაა. ზღაპარს თან გასდევს თქვენთვის კარგად ნაცნობი სიმღერა.

4) რომელი ბრენდის რეკლამის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ახალი წელი? რა თქმა უნდა, ეს Coca-Cola-ა. წელს კოკა-კოლას მთავარი გზავნილი არის " გაეცი ცოტაოდენი ბედნიერება". რეკლამა გვიჩვენებს განსხვავებულ ადამიანებს და მათ მიერ გაკეთებულ მცირეოდენ სიკეთეს, რათა გააბედნიერონ სხვები. გარდა ამისა, სიმღერა არის გამორჩეული და აუცილებლად აგეკვიატებათ.

5) და ბოლოს წარმოგიდგენთ John Lewis-ს. ეს ბრენდი გამორჩეულია საშობაო რეკლამებით- ყოველ წელს განსხვავებული, თბილი სიუჟეტი, ახალი ისტორია და ახალი ემოციები. წელს პატარა სემს ჰყავს საუკეთესო პინგვინი მონტი, რომელიც უეცრად მოიწყენს. ბიჭუნა მიხვდება, რომ მისი პინგვინი სიყვარულს ეძებს. შობა ხომ ოცნებების ასრულების დღეა და სემიც სიურპრიზს უმზადებს მონტს.

იმედი გვაქვს, ამ რეკლამებმა მოგიყვანათ სადღესასწაულო განწყობაზე. ბედნიერ, თბილ და გამორჩეულ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

მოწონება/გაზიარება

კომენტარები