ფეისბუქი თუ იუთუბი ვიდეო? 25 იან. 2015

 ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიური ხდება განხილვა იუთუბი თუ ფეისბუქი ვიდეო, რომელს რა დადებითი მხარეები აქვს და რა გავლენა მოახდინა Facebook-ის ნიუსფიდის ახალმა ალგორითმმა ამ ბრძოლაზე. რა ხდებოდა აქამდე? ბრენდები საკუთარ რეკლამებს და სხვადასხვა სახის ვიდეოებს ტვირთავდნენ Youtube-ზე, არეკლამებდნენ და იღებდნენ შედეგებსაც. ჩამოყალიბდა ვიდეო მარკეტინგის მთელი ინდუსტრია, რომელიც Youtube-თან მჭიდრო თანამშრომლობით შემოსავალს იღებდა. 2013 წელს იუთუბის შემოსავალმა $5,6 მილიარდი შეადგინა და ამაში ფეისბუქმაც შეიტანა წვლილი. ხალხი აზიარებს Youtube-ის ვიდეოებს Facebook-ზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ინტერაქტიული პლათფორმაა. შემდეგ ამ ვიდეოებს ნახულობს ვიზიტორი და ნახვები Youtube-ს ეწერება. 2013 წელს Facebook-ის შემოსავალი ვიდეო რეკლამებიდან 0 დოლარი იყო. Facebook-მაც გადაწყვიტა, რომ რამე ეღონა და შესანიშნავადაც მოახერხა.

  1. აუტოფლეის ფუნქცია - ვიდეოები ხმის გარეშე თავისით ირთვება და გვიბიძგებს ჩავრთოთ ვიდეო, თუ რა თქმა, უნდა პირველი წამები ჩვენს ყურადღებას იპყრობს.
  2. ნიუს ფიდის ახალი ალგორითმი, რომელიც წელს შევიდა ძალაში Facebook-ზე დაპოსტილ ვიდეოებს დიდ პრიორიტეტს ანიჭებს. ექსპერტების თქმით, ნიუს ფიდის 30% სწორედ ამ ტიპის კონტენტზეა გათვლილი. შესაბამისად, ახალი ალგორითმი შეძლებისდაგვარად ცდილობს Youtube-ის ვიდეოების ნიუს ფიდში გამოჩენის შეზღუდვას. მართალია, თუ პოსტი აქტიურია, ბევრი კომენტარით დ ლაიქით, მას ნიუს ფიდი პრიორიტეტს ანიჭებს, თუმცა ვიდეოს ნახვები, როგორც პრიორიტეტის მიმნიჭებელი, Youtube-ის შემთხვევაში არ გაითვალისწინება. Facebook-ზე ატვირთული ვიდეო კი, რაც უფრო მეტ ნახვას აგროვებს უფრო აქტიურად ჩნდება ფიდებში.
  3. Facebook-მა თავის ვიდეო ფლეერს ახალი ფუნქცია დაამატა. ახლა ყველას შეუძლია ნახოს, რამდენი ნახვა აქვს ვიდეოს, რაც რეკლამების შემკვეთთათვის გაგზავნილი სიგნალია, რომ Facebook-ის ვიდეოებიც ბევრ ნახვას აგროვებენ და არ ჩამოუვარდებიან Youtube-ს.

შედეგად მივიღეთ ქვემოთ მოცემული დიაგრამა. SocialBakers-ის ინფორმაციით Facebook-მა ვიდეოების გაზიარებებით უკვე გაასწრო Youtube-ს, რაც ამ უკანასკნელისთვის შეშფოთების მიზეზი უნდა გახდეს. Youtube-ის მთავარი პრობლემაა ის, რომ აქ ნაკლებად ხდება გაზიარება და ვირუსული ეფექტი ნაკლებია. ამასთან, ვიდეოს ყველა მაყურებელი არაა Youtube-ზე დარეგისტრირებული, რის გამოც დაკომენტარების და ქსელშივე გაზიარების შესაძლებლობა არ აქვთ. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც რომ, იუთუბი რჩება ბრენდების საყვარელ ვიდეო რეკლამის ადგილად. მისი ვიდეოები, ფეისბუქისგან განსხვავებით მარტივად ისმება ბლოგის პოსტებსა თუ სხვადასხვა კონტენტში,  რისი პრობლემაც აქვს Facebook-ს, თუმცა ამბობენ, რომ ამის გამოსწორებაზე უკვე მუშაობენ.

socialbakers

ამ ორი ქსელის ძლიერ და სუსტ მხარეებზე კარგად მეტყველებს The Avengers 2-ის ტრეილერის მაგალითი. ვიდეო პარალელურად გაუშვეს Facebook-სა და Youtube-ზე. გაშვებიდან რამდენიმე საათში Facebook-ზე ნახვების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და საგრძნობლად გაუსწრო Youtube-ს, თანაც ყოველგვარი რეკლამის გარეშე. კომენტარებით და ლაიქებითაც, რა თქმა უნდა, Facebook ლიდერობდა. თუმცა, პირველი ეფექტის გავლის შემდეგ, Youtube-მა საგრძნობლად გაუსწრო Facebook-ს. აქ პირველი ეფექტი მუშაობს,  ვიდეო იკარგება მას შემდეგ რაც ტალღა გადაივლის. Youtube-ს კი უფრო გრძელვადიანი ეფექტი აქვს. ამის მიზეზი, ისაა, რომ Youtube-ის ვიდეოები ჩასმულია მრავალი სახის კონტენტში, მას ნახავთ CNN-ისა თუ BBC-ის სტატიებში, ბლოგების პოსტებში და კომპანიების საიტებზე. სწორედ ეს განაპირობებს გრძელვადიან ორგანულ ნახვების რაოდენობას. რომ შევაჯამოთ, თუ გსურთ სწრაფ ეფექტზე გათვლილი ორგანული ნახვები, ან მცირებიუჯეტიანი რეკლამა, ასევე ფიქრობთ, რომ თქვენს ვიდეოს არავინ ჩასვამს თავის კონტენტში, Facebook ვიდეო ზედგამოჭრილია. თუმცა, თუ ვიდეო კონტენტს საკმაოდ ხშირად იყენებთ რეკლამისთვის, მაინც რეკომენდირებულია Youtube-ის გამოყენება, როგორც ორგანიზებული არქივის, ორგანული ნახვის გრძელვადიანი რესურსით. ასე რომ, ჯობია ორივე გამოვიყენოთ კომპლექსურად. თუ ფეისბუქზე გვინდა დაშეარება, ჯობია ვიდეო პირდაპირ ავტვირთოთ და არ დავპოსტოთ უბრალოდ Youtube ვიდეოს ლინკი.    

მოწონება/გაზიარება

კომენტარები