Budweiser-ის და Godaddy-ის ლეკვების განსხვავებული ისტორიები 29 იან. 2015

ამერიკული ფეხბურთის სუპერთასის, აშშ-ს მთავარ სპორტულ და მარკეტინგული მოვლენაზე, კომპანიები ძალისხმევას არ იშურებენ სარეკლამო ჭრაში მათი კრეატიული რეკლამების მოსახვედრად. ძალისხმევაში 30 წამიანი რეკლამის $4.5 მილიონიანი ღირებულება იგულისხმება და ამას დამატებული რეკლამის შექმნის საფასური - მათი რეკლამა ხომ ყველასგან უნდა გამოირჩეოდეს. ექსპერტების თქმით, წლევანდელი სუპერთასი ამ მხრივ გამორჩეულია, როგორც რეკლამის განთავსების ფასით, ასევე რეკლამების ხარისხით. თუმცა შეცდომები და სკანდალები წელსაც გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული Godaddy-ის, ვებ-ჰოსტინგის პროვაიდერი კომპანიის, რეკლამა გახდა. პრემიერიდან 24 საათში კომპანიამ რეკლამის აღება გადაწყვიტა საზოგადოების უარყოფითი რეაქციის გამო. საქმე იმაში იყო, რომ მათ გადაწყვიტეს, თავისი სახალისო იმიჯიდან გამომდინარე, საკუთარი რეკლამა Budweiser-ის რეკლამის პაროდიად შეექმნათ, თუმცა საზოგადოება საყვარელ ლაბრადორის ლეკვზე ბოროტ ხუმრობას არავის აპატიებს! ეს ვერ გათვალეს. რაც შეეხება Budweiser-ის ლაბრადორის ლეკვს, როგორც შარშან, წელსაც ლეკვია მთავარი გმირი სუპერთასის რეკლამის. რეკლამების სერია ლეკვის მონაწილეობით აქცენტს აკეთებს ნამდვილ მეგობრობაზე, გადმოსცემს საზოგადოებას დადებით ემოციებს და აჩვენებს ნამდვილ მამაკაცს, რომელსაც უყვარს Budweiser, არის მშრომელი ფერმერი და ძალიან დადებითი პიროვნება, უსაყვარლესი ლაბრადორის ლეკვის ნამდვილი მეგობარი. რეკლამამ შარშან დიდი გამოხმაურება დაიმსახურა და წელსაც იგივე გმირებით გადაწყვიტეს სუპერთასზე გამოჩენა. რეკლამა გვიჩვენებს ნამდვილი მეგობრობის ძალას, რომელმაც ლეკვი სახლამდე მიიყვანა ბევრი განსაცდელის შემდეგ და რამაც მას სიცოცხლე შეუნარჩუნა. მართლაც, ემოციური და დადებითი რეკლამაა. რეკლამის ავტორია სარეკლამო სააგენტო Anomaly.

Godaddy-ს რეკლამაც იგივე სიუჟეტზეა დაფუძნებული, დაკარგული ლეკვი, თითქმის იგივე სცენები. არ ვიცით, საიდან ჰქონდა Godaddy-ს რეკლამის ავტორებს ასეთი დაწვრილებითი ინფორმაცია Budweiser-ის რეკლამის შესახებ, თუმცა ფაქტია რომ ჰქონდათ. განსხვავება ერთია, მაშინ როცა Budweiser-ის რეკლამაში სახლში დაბრუნებულ ლეკვს მეგობრები სიკვდილისგან იხსნიან და მისი პატრონი ძალიან გახარებულია, მეგობრები ერთად აგრძელებენ ცხოვრებას, Godaddy-ს რეკლამა შავ იუმორს გვთავაზობს. სახლში დაბრუნებულ ლეკვს პატრონი აქაც გახარებული ხვდება, თუმცა სიხარულის მიზეზი სხვაა. "რა კარგია რომ დაბრუნდი, როგორ მიხარია, იმიტომ რომ აი ზუსტად ახლა ინტერნეტის მეშვეობით გაგყიდე" :/ და ისმის Godaddy-ს მოწოდება განვათავსოთ ჩვენი საიტები მათ სერვერებზე და წარმატებულად ვივაჭროთ. იუმორია, თუმცა საზოგადოებამ ძალიან ცუდად მიიღო. შეიძლება მათ მართლაც იცნეს საკუთარი თავი ლეკვის პატრონში და ამიტომ აღშფოთდნენ, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. მომხმარებელი არ უნდა გააბრაზო! სიმართლის მოსმენა ბევრს არ უყვარს, მათ ლამაზი ისტორიების მოსმენა უფრო ურჩევნიათ. 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები